ახალი ამბები

სააკაშვილი: რუსეთის ბაზები ბევრად უფრო მალე გავლენ, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია

სააკაშვილი: რუსეთის ბაზები ბევრად უფრო მალე გავა საქართველოდან, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია
 







ორი პრეზიდენტი ერთმანეთთან მეორე შეხვედრის
დროს რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო
რეჟიმის გამარტივებაზე აღწევს შეთანხმებას
ფოტო: Kremlin.ru
სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 3 ივლისს გამართული მოლაპარაკებების ერთადერთი კონკრეული შედეგი იყო. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული სიტუაციაც იქნა განხილული შეხვედრის დროს.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკების თაობაზე დეტალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა მას “გულთბილი და კონსტრუქციული“ უწოდა; მოგვიანებით, რუსულ და ქართულ მედიისთან გაკეთებულ კომენტარებში მან ისაუბრა იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც პუტინთან შეხვედრის დროს იქნა განხილული.
 
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ქართული მხარის გადაწყვეტილებას ცალმხრივად გაემარტივებინა სავიზო რეჟიმი, მაშინვე მოჰყვა რუსეთის საპასუხო რეაქცია.
 
შედეგად, ქართველ და რუს მოქალაქეებს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად ექნებათ საშუალება აეპორტში, ჩამოსვლისთანავე აიღონ ვიზები. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტული ვადა, თუ როდის შევა გამარტივებული სავიზო რეჟიმი ძალაში. რუსეთმა ქართველი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. მაშინ რუსეთმა ამგვარი გადაწყვეტილება შეიარაღებულ მებრძოლთა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ახსნა.  
 
“სავიზო რეჟიმის გამარტივება ასიათასობით ქართველ და რუს მოქალაქეს გაუადვილებს ცხოვრებას“, განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსს“.
 
საქართველოში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოში ჩამოსვლას ოქტომბერში გეგმავს, რათა ხელი მოეწეროს ორ ქვეყანას შორის ჩარჩო ხელშეკრულებას, ურთიერთობების დარეგულირებას ისახავს მიზნად.
 
მისი განცხადებით, მხარეებმა ასევე განიხილეს ქართული მხარის ინიციატივა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის სანაცვლოდ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე. “ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ წინადადების განხილვა ორი ქვეყნის უშიშროების მინისტრების დონეზე გაგრძელდება “, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მისი თქმით, ანტიტერორისტული ცენტრი არ შეიქმნებოდა ბათუმში ან ახალქალაქში, ანუ იმ ადგილებში, სადაც რუსული ბაზებია განლაგებული. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ცენტრის მთავარი ამოცანა იქნება ტერორიზმთან ბრძოლა და ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვება.
 
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხი უკვე გადაწყვეტილია 1999 წლის ეუთოს სტამბოლის სამიტის მიერ, რომელიც ავალდებულებს მოსკოვს გაიყვანოს სამხედრო ბაზები საქართველოდან.
 
“თუმცა, ის ვადები, რომელსაც რუსეთი ითხოვს ბაზების გასაყვანად, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის“, დასძინა მან.
 
“ჩვენ კარგად გვესმის რუსეთის დაინტერესება იმის თაობაზე, რომ მნიშვნელოვანია ბაზების გასაყვანად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა. ჩვენ ასევე კარგად გვესმის ყველა ის ტექნიკური პრობლემაც, რომელიც ბაზების გაყვანასთანაა დაკავშირებული. ძალიან რთულია კონკრეტულ პირობებზე და ვადებზე საუბარი, თუმცა მე ვფიქრობ რუსული ბაზები ბევრად მალე გავა საქართველოდან, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
ვიზიტის დროს პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული სიტუაცია. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “სეპარატისტებს [სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში] არ შეიძლება ჰქონდეთ რუსეთის დახმარების იმედი“.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ “რუსეთი არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში“. რუსულ გაზეთ “იზვესტია“-სთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, “საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის, ვიდრე ცხინვალთან ურთიერთობები“.
 
ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმეორებდა, რომ საქართველო არ გეგმავს ძალის გამოყენებას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, “თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს დეზინტეგრაციას“. მან კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი როკის გვირაბთან ერთობლივი ქართულ-რუსული საგუშაგოს გახსნის თაობაზე. თბილისის განცხადებით, ამ საგუშაგოს გახსნის მთავარი მიზანი კონტრაბანდის აღკვეთა იქნება.
 
“ჩვენ ვაპირებთ როკის გვირაბზე კონტროლი დავამყაროთ და საგუშაგო გავხსნათ იქ“, განუცხადა სააკაშვილმა “ინტერფაქსს“.
 
თუმცა, რუსული მხარე ამ წინადადების მიმართ ენთუზიაზმს არ იჩენს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსტრომ ცოტა ხნის წინ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ცხინვალის პოზიციაც უნდა იქნას გათვალისწინებული განხილვის დროს, მაშინ, როცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკვე უარყო ერთობლივი საგუშაგოს გახსნის წინადადება.
 
პრეზიდენტი სააკაშვილი მოსკოვში დსთ-ის სახელმწიფოთა ლიდერების არაფორმალურ სამიტს დაესწრო, რომელიც მისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის,  დსთ-ის პირველი სამიტი იყო. პუტინთან შეხვედრის წინ სააკაშვილი მიესალმა სამიტის მონაწილეებს და განაცხადა, “დსთ-ის სამიტი მნიშვნელოვანი ტრიბუნაა საქართველოს პოზიციების გასაჟღერებლად“.    
 

მსგავსი/Related

Back to top button