ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველოდან ძალადობის შესახებ ინფორმაცია „შეშფოთებით განიხილება“

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლუსი პოტუჩკოვა საქართველოში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასამბლეის წევრები თვალს ადევნებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და „დაშინებისა და ძალადობის ნებისმიერი ინფორმაცია შეშფოთებით განიხილება“, ნათქვამია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრესრელიზში.

მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, როგორც ეუთოს გადამწყვეტი პრინციპების და ეუთოს რეგიონში თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების საფუძვლის მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ერთგულებაზე ამ უფლებების დაცვისა და თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების მხარდაჭერის მიმართ.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე საუბრისას, პოტუჩკოვამ ხაზი გაუსვა იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისა და დემოკრატიის წინსვლის საქმეში ასრულებენ. „ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად და დამოუკიდებლად ფუნქციონირებაზე, შემაშფოთებელია და ყურადღებით შესწავლას მოითხოვს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების მხრიდან”, განაცხადა მან და დასძინა, რომ „გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებისკენ მიმართული ზომები დაბალანსებული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობისა და ავტონომიის დაცვის აუცილებლობით“.

პრესრელიზში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე აცხადებს, რომ ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ, სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში კარი ჰენრიკსენმა და გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან „უცხოელი აგენტების“ კანონთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრა გამართეს, და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ მზადაა მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევაში.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button