skip to content
ახალი ამბები

საქართველოს სკანდინავიურ-ბალტიური ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობენ

15 მაისს საქართველოში ვიზიტი დაიწყეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტორდის კოლბრუნ რეიკფორდ გილფადოტირმა. ისინი უკვე შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე პრეზიდენტს, რის შემდეგაც პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში ისინი ასევე შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რის შემდეგაც ბრიფინგი გამართეს. თბილისიდან გამგზავრებამდე საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე “უცხოელი აგენტების” კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. „აღინიშნა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით და ხაზი გაესვა ამ გზაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის როლს. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველო ლიდერია კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თუ ეკონომიკური განვითარების ტემპი, რასაც ევროკავშირმა შესაბამისი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა კრიტიკული შეხედულებები გამოთქვეს როგორც გამჭვირვალობის შესახებ კანონის, ისე ლგბტ-პროპაგანდის შეზღუდვის შესახებ კანონის თაობაზე. „მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიზნად ისახავს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას და ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – შესაბამისი ორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიურ დეკლარირებას. შესაბამისად, აღნიშნული კანონი შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნის შესრულებაში – საქართველოში პოლარიზაციის შემცირებაში“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.

შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა „ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით დაგეგმილ შემდგომ ნაბიჯებზე“. დარჩიაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა „საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობას და ამ კუთხით პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას“.

„გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ აღნიშნული კანონის მიღების მთავარ მიზანს, ქვეყანაში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა წარმოადგენს“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-რელიზში.

შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა გააგრძელონ შემდგომი თანამშრომლობა.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

საგარეო საქმეთა მინისტრების და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე, მხარეებმა პარლამენტის მიერ მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი განიხილეს. პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა „გამოთქვეს წუხილი აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებით“. ქართულმა მხარემ „ხაზი გაუსვა არამომგებიანი ორგანიზაციების სფეროში გამჭირვალობის ნაკლებობის პრობლემას და მისი მოგვარების საჭიროებას“. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. „დაფიქსირდა მზაობა შემდგომი დიალოგისთვის“, – ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზში.

შეხვედრის განსხვავებული შეფასება

შეხვედრის შემდეგ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ „ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს]“, ასევე არ გაათავისუფლეს სააკაშვილი.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეხვედრის შესახებ შალვა პაპუაშვილის კომენტარს გამოეხმაურა და დაწერა: „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შესახებ დაბნეულობის საპასუხოდ, საჭიროდ ვთვლი განვმარტო, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ საქართველო მართალი იყო, როდესაც უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები, და ჩვენ გამოვთქვით უკიდურესად მკაცრი შეხედულებები, არა „გარკვეული წუხილები“.

მოგვიანებით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე დაწერა: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი და მისი უარყოფითი შედეგები საქართველოს ევროპულ გზაზე რეალურია. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხარი. არ დაიჯეროთ ის განცხადებები, რომლებსაც სპიკერი ჩვენ გვაწერს რუსეთის მიმართ სანქციებზე ან სააკაშვილზე“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა: „ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო – ჩვენ არ შევთანხმებულვართ ამაზე. ჩემი გზავნილი საპირისპიროა: საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button