skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ  „რუსული კანონის“ გამო პარლამენტთან მემორანდუმი გააუქმა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ, რომელიც 150-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების გამო საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაუქმების თაობაზე განცხადება გამოაქვეყნა.

„სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ შეისმინა ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა, დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების რჩევა, გაეწვიათ რუსული კანონი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც კანონმა მის მიღებამდე „განვითარებული ძალადობის, დაშინების, სტიგმატიზაციისა და განსხვავებული აზრის დევნა დააკანონა“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მთავარი მიზანი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაა და ზემოთხსენებულმა  თანამშრომლობის მემორანდუმმა, რომელსაც გასულ წელს მოეწერა ხელი, „შექმნა თანამშრომლობის ფორმატი და პოზიტიური წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში“.

ხაზს უსვამენ რა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციაა გარანტირებული, ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ ყველა დაზარალებულს, რომელიც „ბოლო დღეებში მიმდინარე მასშტაბური რეპრესიების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა და მშვიდობიანი პროტესტით იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“.

ორგანიზაციების თქმით, მათ მცდელობა არ დაუკლიათ – ჩართულიყვნენ კანონპროექტის შესახებ საგნობრივ მსჯელობაში, მათ შორის საკომიტეტო მოსმენების ფარგლებშიც, „მაგრამ ამაოდ“. საქართველოს ეროვნული პლატფორმა 4 აპრილის განცხადებას იხსენებს, როდესაც მან მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმი შეაჩერა და პარლამენტს კანონპროექტის უკან გაწვევისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობისკენ მოუწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button