ახალი ამბები

საქართველო ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს უპირისპირდება







საქართველო შვიმერს (მარცხნივ) და ნიკოლოვს
(მარჯვნივ) “არაკორექტულობაში” ადანაშაულებს.
აჭარის კრიზისთან მიმართებაში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის მიერ დაკავებული პოზიცია, საქართველოსა და ამ ორგანიზაციას შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა შვიმერს, 9 მაისს ბათუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, „თავხედი და მაღალხელფასიანი ბიუროკრატი უწოდა.“

პრეზიდენტ სააკაშვილის მწვავე კრიტიკა, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის მიერ 2 მაისს გაკეთებულ განცხადებამ გამოიწვია, რომლითაც შვიმერმა აჭარაში განვითარებული მოვლენების გამო თბილისსაც და ბათუმსაც თანაბარი პასუხისმგებლობა დააკისრა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა 10 მაისს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პლამენ ნიკოლოვის ქვეყნიდან გაწვევას მოითხოვს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კახა სიხარულიძის განცხადებით „უკვე ამოქმედებულია დიპლომატის საქართველოდან გაწვევის პროცედურები.“

საქართველოს ხელისუფლების მკაცრ კრიტიკას ჯერ არ გამოხმაურებია ევროპის საბჭო, ისევე როგორც ორგანიზაციის თბილისის წარმომადგენლობა, რომელიც დუმილს ამჯობინებს და არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

თუმცა აღსანიშნავია, რომ 10 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტმა ჰერვიგ ვან სტაამ გამოთქვა კმაყოფილება „აჭარის კრიზისის უმსხვერპლოდ და უსისხლოდ მოგვარების შესახებ.“


2 მაისს კი ვალტერ შვიმერმა გაავრცელა განცხადება, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების უკიდურესი შეშფოთება გამოიწვია. “შოკის მომგვერლია ის ფაქტი, რომ ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ქვეყანაში ფეთქდება ხიდები, რადგან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაკარგეს დიალოგის უნარი”, ნათქვამი იყო 2 მაისის განცხადებაში.


მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ შვიმერმა ცენტრალური ხელისუფლება და ასლან აბაშიძე თანაბარ მხარეებად მოიხსენია.


„მისი [ვალტერ შვიმერის] განცხადება, რომ ორივე მხარემ [ცენტრალურმა ხელისუფლებამ და აბაშიძის რეჟიმმა] დაკარგეს დიალოგის უნარი, ნიშნავს თითქოს ორივე მხარე თანაბრად პასუხისმგებელი იყო იმაზე, თუ რაც ხდებოდა აჭარაში“, – აღნიშნა პრეზიდენტმა 9 მაისს.


„ეს არ იყო ნამდვილი ევროპელის განცხადება; ეს თავხედი და მაღალხელფასიანი ბიუროკრატის განცხადება იყო“, – დასძინა სააკაშვილმა.


10 მაისს სააკაშვილმა კვლავ გააგრძელა კრიტიკა და განაცხადა, რომ შვიმერმა “დაიკავა უკიდურესად არაკონსტრუქციული პოზიცია, ეს იყო ბიუროკრატის პოზიცია, რომელიც არ ვიცი რითი მოთაფლა ასლან აბაშიძემ.”


ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი ვალტერ შვიმერი და მისიის ხელმძღვანელი პლამენ ნიკოლოვი აჭარაში შექმნილი ვითარების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ და ხშირად მედიატორის ფუნქციებსაც  ითავსებდნენ თბილისსა და ბათუმს შორის დაპირისპირების დროს.


ასლან აბაშიძემ ბოლო თვეების განმავლობაში სტრასბურგში ორჯერ შეხვდა შვიმერს. თავის მხრივ, შვიმერი თებერვალში საქართველოში ვიზიტისას ბათუმსაც ეწვია და მოლაპარაკებები გამართა აბაშიძესთან. აღსანიშნავია, რომ სწორედ შვიმერის ბათუმში ვიზიტისას აბაშიძის მომხრეებმა სასტიკად დაარბიეს ოპოზიციის მიტინგი. 


საქართველო 1999 წლის 27 აპრილიდან ევროპის საბჭოს წევრია. საქართველომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას რიგი ვალდებულებები იკისრა, რომელთა შეუსრულებლობის გამო ორგანიზაციას ხშირად გაუკრიტიკებია. საქართველოს მხრიდან კი ამ ორგანიზაციის მისამართით პრეზიდენტის განცხადება პირველი სერიოზული კრიტიკა იყო. 


პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კრიტიკასა და საქართველოში ევროპის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლის პლამენ ნიკოლოვის ქვეყნიდან შესაძლო გაწვევას მართებულად მიიჩნევს.


„საქართველოს ევროპის საბჭოსთან განსაკუთრებული  დამოკიდებულება აქვს. საქართველოს ამ ორგანიზაციიდან ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა. ამის გამო ველოდით, რომ აჭარის მოვლენებთან დაკავშირებით უფრო სერიოზული მხარდაჭერა და ადეკვატური შეფასებები გაკეთდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა, რამაც გამოიწვია პრეზიდენტის ასეთი განწყობა“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


წინა კვირას საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ასევე გააკრიტიკა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადება და მას „არაკორექტული“ უწოდა.
 
სალომე ზურაბიშვილი 12-13 მაისს სტრასბურგში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა საბჭოს შეხვედრაში. მოსალოდნელია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში ვიზიტისას ამ საკითხსაც განიხილავს.

მსგავსი/Related

Back to top button