skip to content
ევროპამთავარი თემა

სი ძინპინის კლუბი ევროპაში: უნგრეთი და სერბეთი

რა ხდება?

6-8 მაისს, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ევროპას 2019 წლის შემდეგ პირველად ეწვია. პარიზში თავის კოლეგასთან და ევროკომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, მაინ ბელგრადისა და ბუდაპეშტისკენ აიღო გეზი.


ხატია დავლიანიძე, მკვლევარი


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

  • ჩინეთის პოზიცია უმნიშვნელოვანესია დასავლეთის რუსეთთან სულ უფრო მწვავე დაპირისპირების ვითარებაში. პარიზსა და ბრიუსელს სურთ, ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდეს.
  • რუსეთის მხარდამჭერ ორ ევროპულ დედაქალაქში ჩასვლით ჩინეთის ლიდერმა მიუთითა, რომ ევროპაში საკუთარ გეოპოლიტიკურ თამაშსაც თამაშობს.

ანალიზი

ვიზიტის სიმბოლური და რეალური დატვირთვა

სი ძინპინმა ვიზიტები ჩინეთსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 60, უნგრეთთან ორმხირივი ურთიერთობების 75 და ნატო-ს მიერ იუგოსლავიაზე საჰაერო იერიშისას ბელგრადში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს დაბომბვის 25 წლისთავს დაამთხვია.

ვიზიტის გეოგრაფიაც საყურადღებო და თანმიმდევრობაც. საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ევროპის ლიდერობის მზარდი ამბიცია აქვს. უნგრეთი და სერბეთი კი ევროკავშირისთვის პრობლემური ქვეყნებია. პირველი ხშირად ბლოკავს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს რუსეთს ინტერესის შესაბამისად, მეორე კი ბეიჯინგთან აქტიური სამხედრო თანამშრომლობით გამოირჩევა და კოსოვოს საკითხის გარშემო ბრიუსელთან მზარდ კონფლიქტშია.

პარიზში, პრეზიდენტ მაკრონთან და ევროკომისისს პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის მიზანი ძინპინისთვის ევროკავშირთან სავაჭრო ომის თავიდან აცილება და ბეიჯინგის მიერ უკრაინის ომში რუსეთის მზარდი მხარდაჭერით შეშფოთებული ბრიუსელის დამშვიდება იყო.

სერბეთსა და უნგრეთში, „არალიბერალური დემოკრატიის“ ორ არქიტექტორთან, ვიქტორ ორბანთან და ალექსანდრ ვუჩიჩთან თანამშრომლობის გაღრმავებითა და განმტკიცებით ჩინეთს სურს ევროპის კონტინენტზე საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები განამტკიცოს.

მაშინ, როცა აშშ ჩინეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური კონფრონტაციის გზას დაადგა, ევროპის ლიდერები ცდილობენ ბეიჯინგთან პირდაპირი კონფლიქტი თავიდან აირიდონ. თუმცა, ბოლო ხანებში, ეკონომიკური კონფლიქტებიც გამწვავდა და პოლიტიკური უთანხმოებაც. ჩინეთი ეკონომიკურ აღმავლობას აღარ განიცდის: მსოფლიოში დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ჭარბწარმოების კრიზისის ნიშნებიც გამოჩნდა.

ამდენად, ბეიჯინგი ცდილობს, გადააფიქრებინოს ბრიუსელს ეკონომიკურ დაპირისპირებაში შესვლა. ამის ერთი გზა, დადებითი ურთიერთობების დამყარებაა პარიზთან და ბრიუსელთან, მეორე კი – თავის დაზღვევა და ზეწოლის ბერკეტების მოპოვება ევროკავშირის წევრ უნგრეთთან და ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატ სერბეთთან გაღრმავებული კავშირებით.

სტრატეგიული თვალსაზრისით, ჩინეთის ინტერესი ევროპის კონტინენტზე საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გავრცობაში მდგომარეობს, რითაც ისეთი საერთაშორისო წესრიგის შექმნას შეუწყობს ხელს, რომელშიც აშშ დომინანტი არ იქნება.

სერბეთისა და ჩინეთის მეგობრობა

ჩინეთსა და სერბეთს შორის მჭიდრო პოლიტიკური კავშირების დამყარებას საფუძველი მე-20 საუკუნის მიწურულს ჩაეყარა. ჩინეთი კოსოვოს ომის დროს მხარს იუგოსლავიას  უჭერდა და ნატო-ს 1999 წლის საჰაერო ოპერაციას  ღიად ეწინააღმდეგებოდა. აშშ-ის მიერ ბელგრადში ჩინეთის საელჩოს დაბომბვამ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ ბეიჯინგის მიუღებლობა განსაკუთრებულად გააძლიერა, ხოლო ჩინეთის მიმართ სერბეთის კეთილგანწყობა კიდევ უფრო გაზარდა.

2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა ბელგრადს გაუჩინა შეგრძნება, რომ აშშ-სა და ევროპის კავშირის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობა არც თუ ისე მყარია, ხოლო ჩინეთის ძლიერება კი – დღითიდღე მზარდი. ამასთან, 2008 წელს აშშ-ის და ევროპის სახელმწიფოების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ სერბეთის დასავლეთისადმი იმედგაცრუება კიდევ უფრო გაამძაფრა, რამაც დამატებით ბელგრადს ჩინეთთან დაახლოებისკენ უბიძგა.

ბელგრადსა და  ბეიჯინგს შორის სტარტეგიულ პარტნიორობას საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა. სერბეთის ხელისუფლების სათავეში „პროგრესული პარტიის“ და ალექსანდრ ვუჩიჩის მოსვლის შემდეგ იგი კიდევ უფრო მეტად განმტკიცდა და 2016 წელს ყოვილისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე მიიყვანა.

2022 წელს ჩინეთი სერბეთის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო სავაჭრო პარტნიორად დასახელდა, ხოლო 2023 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სერბეთის ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

გარდა ამისა, სერბეთი და ჩინეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროში. მსხვილი პროექტებიდან ხაზგასასმელია, პუპინის ხიდი (ზემუნი-ბორჩა), მილოშ დიდის ავტომაგისტრალის მონაკვეთებისა და კოსტოლაცის თბოელექტროსადგურის რეკონსტრუქცია. ჩინური კომპანიები სერბეთის უმსხვილესი ინვესტორები არიან. კერძოდ, „Zijin Company“, რომელმაც 2018 წელს სპილენძის მწარმოებელი კომპანიის, „RTB Bor-ის“ აქციების 63% შეიძინა და „Hestil Company“, რომელმაც 2016 წელს ფოლადის მწარმოებელი კომპანია – “Železara Smederevo” შეისყიდა.

ამჟამად, ჩინეთი სერბეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო და სტაბილურ მეგობარ სახელმწიფოდ მიიჩნევს, არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს ბელგრადის პოლიტიკას პრიშტინასთან მიმართებით. სამაგიეროდ, სერბეთიც „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მტკიცე მხარდამჭერია.

უნგრეთისა და ჩინეთის მეგობრობა

უნგრეთის ხელისუფლების სათავეში ვიქტორ ორბანის მოსვლის შემდეგ, ჩინეთთან თანამშრომლობა გაფართოვდა და განმტკიცდა.

უნგრეთის მმართველი პარტიის, „ფიდესის“ მიერ 2010 წელს მხარდაჭერილი “Opening to the East-ის” პოლიტიკის თანახმად, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის პარალელურად, უნგრეთი ისწრაფვის ჰარმონიული და ყოვლისმომცველი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პარტნიორობისკენ აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

სი ძინპინის ბუდაპეშტში ვიზიტისას ვიქტორ ორბანის თქმით, 20 წლის წინ უნგრეთში ჩინური ინვესტიცია იმდენად მცირე იყო, რომ მისი მოძიება „გამადიდებელი შუშით“ თუ შეიძლებოდა. უკანასკნელი სამი წელია, უნგრეთი, სერბეთთან ერთად, ევროპაში ჩინეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი მიმღებია. მათ შორის აღსანიშნავია ლითიუმ-იონური აკუმულატორების მწარმოებელი ჩინური კომპანია „CATL“-ის 7.3 მილიარდი ევროს ინვესტიცია უნგრეთის ქალაქ დებრეცენში. გასული წლის დეკემბერში, უნგრეთმა განაცხადა, რომ ფრიად გავლენიანი ჩინური კონგლომერატი „BYD“, რომელიც ელექტრომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, სამხრეთ უნგრეთში გახსნიდა თავის პირველ ევროპულ ქარხანას ევროპაში.

სერბეთი და უნგრეთი ჩართული არიან  ჩინეთის ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტში – „სარტყელისა და გზის ინიციატივაში“, რომელიც მიზნად ისახავს აზიის აფრიკასთან და ევროპასთან, ასევე რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებას.

სი ძინპინის ვიზიტის შედეგები

არსებობს მოსაზრება, რომ სი ძინპინის მიერ სერბეთში 7 მაისს – ნატო-ს მიერ ბელგრადში ჩინეთის საელჩოს დაბომბვის 25-ე წლისთავზე სტუმრობა, როგორც სერბებისთვის, ისე მსოფლიოს დანარჩენი მოსახლეობისთის მიზნად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სისასტიკის შეხსენებას და ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით  ბეიჯინგის წინააღმდეგობის ჩვენებას ისახავდა.

ვუჩიჩმა და სი ძინპინმა სერბეთ-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხელი მოაწერეს „საერთო მომავლის“ მშენებლობის შესახებ შეთანხმებას. გარდა ამისა, განაცხადეს, რომ გასული წლის ოქტომბერში გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. ეკონომიკურ დაპირებებს შორის ხაზგასასმელია ჩინეთსა და სერბეთს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირების დამყარება და ჩინეთში სერბეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი.

რაც შეეხება ბუდაპეშტში ვიზიტს, ჩინეთმა და უნგრეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს და გარდა ამისა, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით 18 ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, პირველადი დისკუსიები დაიწყო ორ უმნიშვნელოვანეს პროექტზე: 1. ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტის უნგრეთის დედაქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა; და 2. ბუდაპეშტის ირგვლივ/გარშემო სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რომლითაც აღმოსავლეთ უნგრეთში ჩინური ქარხნების მიერ წარმოებულ პროდუქციის ტრანსპორტირება დასავლეთ ევროპაში მოხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი, რომელიც „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში ბელგრად-ბუდაპეშტის რკინიგზის მოდერნიზებასა და აღნიშნული ქალაქების ჩინეთის მიერ კონტროლირებად პირეოსის პორტთან (საბერძნეთი) დაკავშირებას ითვალისწინებს, სავარაუდოდ, 2026 წლის ბოლომდე დასრულდება.

ჩინეთთან „პოლიტიკური ფლირტის“ საფრთხე

რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის მიერ მოსკოვის შეფარული დახმარება, ბრიუსელთან არსებული სავაჭრო ომი, სახელმწიფო სუბსიდიები, „არასამართლიანი“ სატარიფო პოლიტიკა და ევროპის კონტინენტზე „არალიბერალური დემოკრატიის“ არქიტექტორების მხარდაჭერა იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალია, რის გამოც ჩინეთი ევროპის კავშირისთვის გამოწვევას წარმოადგენს.

ბრიუსელი ევროპის სახელმწიფოების ჩინეთთან მჭიდრო სავაჭრო პარტნიორობის რისკს ნათლად იაზრებს, შესაბამისად ევროპის კავშირს  ბეიჯინგზე ეკონომიკური დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირება და ჩინეთთან „სტრატეგიული ავტონომიის“ ფარგლებში თანამშრომლობა სურს, რასაც უნგრეთი არ ემხრობა და უფრო მეტიც, ჩინეთს  „ახალი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი საყრდენს“ უწოდებს,

„მე მინდა დავარწმუნო პრეზიდენტი [სი ძინპინი], რომ უნგრეთი გააგრძელებს სამართლიანი პირობების უზრუნველყოფას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ინვესტიციას ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში და ასევე, შევქმნით შესაძლებლობას, რომ უნგრეთში ერთმანეთს შეხვდნენ და მჭიდროდ ითანამშრომლონ ყველაზე თანამედროვე დასავლურმა და ყველაზე თანამედროვე აღმოსავლურმა ტექნოლოგიებმა“, – ვიქტორ ორბანი.

როგორც უნგრეთში, ასევე სერბეთში, მმართველი პარტია აკონტროლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სასამართლო ხელისუფლებას და მედია საშუალებებს, რის გამოც ევროპის კავშირი ბელგრადსა და ბუდაპეშტს მუდმივად აკრიტიკებს. სამაგიეროდ, მათ ხშირად აქებს და თბილი სიტყვებით ამკობს ბეიჯინგი (ასევე მოსკოვიც), რომლის ინტერესებშიც საერთოდ არ შედის არც ევროპის კავშირის გაფართოება და არც მტკიცე და ერთიანი ევროპული გაერთიანების არსებობა.

ბრიუსელის მიერ უნგრეთისა და სერბეთის ხელისუფლებების კრიტიკის ფონზე, ბუნებრივია, რომ საკუთარი მმართველობის ტიპის ლეგიტიმაციის მიზნით, ალექსანდრ ვუჩიჩი და ვიქტორ ორბანი ავტოკრატ ლიდერებთან მეგობრული კავშირების არსებობას უჭერენ მხარს.

„Freedom House-ი“ „Nation In Transit 2024-ის“ ანგარიშში სერბეთის, უნგრეთისა და ჩინეთის კავშირებზე ყურადღებას ამახვილებს და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეთანხმებების, ენერგეტიკის სფეროში დადებული გარიგებების, ერთობლივი ინვესტიციებისა და სხვა სტრატეგიების საშუალებით ავტოკრატები საკუთარი მმართველობის განმტკიცების, ოპოზიციის განადგურებისა და მსოფლიოში საკუთარი ღირებულებათა სისტემის პოპულარიზაციის მიზნით თანამოაზრე ლიდერებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.

ავტორიტარული ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია ასევე ჩინეთში არსებული საზოგადოებრივი კონტროლის ტექნოლოგიური ინსტრუმენტების დანერგვა, მათ შორისაა ე.წ. “უსაფრთხო ქალაქების” კომპიუტერული სისტემა, რომელიც ჩინური წარმოების “ჭკვიან კამერებთან” ერთად საშუალებას აძლევს პოლიტიკურ პოლიციას ავტომატურ რეჟიმში ამოიცნოს ოპონენტები ბიომეტრული მონაცემების მიხედვით და უთვალთვალოს მათ.

რას უნდა ველოდოთ

უნგრეთი, რომელიც ევროპის კავშირის ფინანსური დახმარების გარეშე, ჩამოშლის პირას აღმოჩნდება, ევროპული გაერთიანების უპირატესობებით სარგებლობის პარალელურად, წლებია მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთთან. რაც შეეხება, სერბეთს, ის ერთი მხრივ, კი აცხადებს, რომ დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია და ევროპის კავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფის, მაგრამ მეორე მხრივ ჩინეთთან „საერთო მომავალზე“ თანხმდება.

ჩინეთთან თანამშრომლობა, მთელი რიგი საკითხების გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ბრიუსელ-ბუდაპეშტსა და ბრიუსელ-ბელგრადს შორის ურთიერთობებს განსაკუთრებულად ძაბავს.

ევროპის კავშირის წევრი უნგრეთი და წევრობის კანდიდატი სერბეთი სი ძინპინთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობით  ბეიჯინგს ევროპის კონტინენტზე საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გავრცობისა და რეგიონში მნიშვნელოვან აქტორად ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევენ, რაც ბუნებრივია, დასავლეთის ინტერესებში არ შედის.

გარდა იმისა, რომ ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო ჩინეთის ავტოკრატ ლიდერთან მჭიდრო თანამშრომლობით ევროპული გაერთიანების ღირებულებებსა და პრიორიტებების დისკრედიტაციას ახდენს, ჩინეთის მიმართ EU-ს ერთიანი მიდგომის, მათ შორის ერთიანი სავაჭრო პოლიტიკის, არსებობასაც გამორიცხავს. რაც შეეხება სერბეთს, სი ძინპინთან „პოლიტიკური ფლირტის“ გაგრძელება ევროპის კავშირთან მისი დაახლოების პროცესს კიდევ უფრო მეტად გაართულებს.

მსგავსი/Related

Back to top button