skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის შვიდი ქვეყნის სპიკერები პაპუაშვილს „აგენტების“ კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ

27 მაისს ევროპული ქვეყნების შვიდმა პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა წერილი, რომელიც მათ 24 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს გაუგზავნეს. წერილში მათ პაპუაშვილს მოუწოდეს უკან გაიწვიოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, ხოლო საქართველოს – დარჩეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

სპიკერებმა წერილში აღნიშნეს, რომ ისინი ქართველ კოლეგას მიმართავენ, როგორც „საქართველოს პარტნიორები და მეგობრები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები“. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი საქართველოს „შესანიშნავი პოლიტიკური ტრანსფორმაციისა“ და რეფორმების განხორციელების საქმეში „უზარმაზარი ძალისხმევის“ მომსწრენი გახდნენ, რის შედეგადაც საქართველო „სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის მაგალითი გახდა“. სპიკერებმა ასევე აღნიშნეს: „ჩვენ სიამაყით გიჭერდით მხარს და მზად ვართ გავაგრძელოთ ყველა საჭირო დახმარება, რომელიც ამ გზის გასაგრძელებლად გჭირდებათ“.  

წერილში ასევე ნათქვამია, რომ გასულ წელს „საქართველოს გაეხსნა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად“. „ჩვენ თქვენთან ერთად აღვნიშნავთ თქვენს წარმატებას და ნამდვილად ვაფასებთ ჩვენი პარტნიორობის სიძლიერესა და ურთიერთპატივისცემას, რომელიც წლების განმავლობაში დავამყარეთ. ამან საშუალება მოგვცა გვქონდეს გულწრფელი დიალოგი იმ საკითხებზეც კი, სადაც ვერ ვთანხმდებით, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში, ღირებულებებისა და პრინციპების საკითხებში, ჩვენ ყოველთვის ერთიანი და ძალიან ერთგულები ვიყავით“, – აცხადებენ სპიკერები.

თუმცა, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მიერ მიღებული ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები შემაშფოთებელია, რადგან მთავრობის ქმედებები „ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც თქვენ აიღეთ და რომლებიც თქვენი ევროპული მისწრაფებების ამოსავალი წერტილია“. მათი თქმით, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის „სულისკვეთება და შინაარსი“ „შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან“. სპიკერებმა პაპუაშვილს კანონის გაუქმებისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან აზრიან და ინკლუზიურ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდეს.

სპიკერებმა ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას „პატივი სცეს ფუნდამენტურ ღირებულებებს ხალხის შეკრების უფლების დაცვის გზით, და შეწყვიტოს ძალადობა და დაშინება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ“.

„ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება არის საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანი, როგორც ეს იყო ჩვენთვის, ვინც ევროკავშირს 20 წლის წინ შეუერთდა. ეს გზა არც გარანტირებული იყო და არც მარტივი. მეგობრების ურყევმა ერთგულებამ და მხარდაჭერამ ის შესაძლებელი გახადა… თქვენ გყავთ მეგობრები ჩვენი სახით. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო უარს არ იტყვის გამოიყენოს შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა და ქართველი ხალხი მშვიდობისა და კეთილდღეობის, ასევე თავისუფლებებისა და ღირებულებების საერთო სივრცეში შეიყვანოს. ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის და მზად ვართ დაგეხმაროთ“, – დასძინეს სპიკერებმა.

წერილს ხელს აწერენ: მილოშ ვისტრჩილი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი; მარკეტა პეკაროვა-ადამოვა, ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტი; ლაური ჰუსარი, ესტონეთის რიიგიკოგუს თავმჯდომარე; იაელ ბრაუნ-პივე, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი; დაიგა მიერინა, ლატვიის სეიმის სპიკერი; ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენი, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერი; მარტინ ბოსმა, ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი; მალგოჟატა კიდავა-ბლონსკა, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი; შიმონ ჰოლოვნია, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button