skip to content
ახალი ამბები

ჯოზეფ ბორელი „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღებაზე: ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ყველა ვარიანტს განიხილავენ

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისა და მისი საბოლოო მიღების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სინანული გამოთქვა ვეტოს დაძლევაზე საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებისა და კანონპროექტის გაუქმებაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფის გამო. „ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ყველა ვარიანტს განიხილავენ ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში. იგი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „შეცვალოს ეს ტენდენცია და მტკიცედ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას“. ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად“, მაგრამ ამისათვის ხელისუფლების ერთგულებაა საჭირო.

„ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, მისი ამოქმედება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამზე უკუსვლას წარმოადგენს. კერძოდ, საუბარია ნაბიჯებზე, რომლებიც დეზინფორმაციას, პოლარიზაციას, ასევე ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას ეხება. კანონის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს ევროპულ გზაზე, ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კანონის მიღმა, „აქამდე, არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მობილიზებული ცხრა ნაბიჯზე მნიშვნელოვანი პროგრესის მისაღწევად“.

„ჩვენ კვლავ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს, რომელიც მათი ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს ეხება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button