ახალი ამბები

პრეზიდენტი ოქტომბრის არჩევნებზე დიასპორას „სრული მობილიზაციისკენ“ მოუწოდებს

27 მაისის მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „სრული მობილიზაციისკენ“ მოუწოდა.

„თქვენს ხელშია ჩვენი მომავალი, თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და აბა, გელოდებით საქართველოსა თუ იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ, რათა გვაჩვენოთ, გვითხრათ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა საზღვარგარეთ მცხოვრებ „მილიონზე მეტ“ თანამემამულეს.

პრეზიდენტის თქმით, 27 მაისი,  ჩვეულებრივ, დიასპორის დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ, მისთვის უცნობი მიზეზის გამო,  „მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წელს ეს დღე არ აღვნიშნოთ“.

მოახლოებული არჩევნებისთვის მის მიერ შემუშავებულ გეგმაზე [ქართული ქარტია] საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ამ გეგმაში დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“.

„როცა ჩვენი ქვეყნის კურსის, ორიენტაციის, მისი მომავალი საკითხი დგას: იქნება ეს ევროპული, ჩვენს პარტნიორებთან ახლო, მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ქვეყანა, თუ იქნება ეს იზოლირებული, რაღაც ტიპით რაღაც ნეორუსული ქვეყანა – ამ გადაწყვეტილებაში თქვენი როლი და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბოლო რამდენიმე თვეა პრეზიდენტი, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, დიასპორას ოქტომბრის არჩევნებში უფრო აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს, ვინაიდან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ხმები შესაძლოა გადამწყვეტი იყოს არჩევნებზე. თუმცა, მოწოდებები საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მეტი გააკეთოს, რათა ხელი შეუწყოს ქართველი ემიგრანტების მიერ ხმის უფლების გამოყენებას, ძირითადად უპასუხოდ დარჩა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button