skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოს შესაძლოა საფრთხე შეექმნას

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სინანული გამოთქვა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო და აღნიშნა, რომ კანონს უარყოფითი გავლენა ექნება დემოკრატიაზე საქართველოში, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოზე.

მან აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა „უკანასკნელ შესაძლებლობაზე“, რომ გაეწვია კანონი და ჩართულიყო შინაარსიან დიალოგში. ბურიჩმა ასევე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებამ უგულებელყო ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომელიც კანონის გაუქმებას ითხოვდა.

ბურიჩი „ღრმად შეშფოთებულია“ იმის გამო, რომ კანონს უარყოფითი გავლენა ექნება ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიული შეკავებისა და გაწონასწორების პოლიტიკაზე, რამაც „პოტენციურად შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოს“.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ასევე აცხადებს, რომ იგი კვლავ შეშფოთებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ დაშინების, არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და სტიგმატიზაციის გამომწვევი ნარატივების გამო. „ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები უნდა გასამართლდნენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი პრაქტიკა, რომელსაც ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – ნათქვამია ბურიჩის განცხადებაში.

„ევროპის საბჭო კვლავ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button