ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი: „აგენტების კანონი“ უკეთეს ნიადაგს შექმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების უზრუნველსაყოფად

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საბოლოო მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კანონი „შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად“.

„საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, „ასეთ პირობებში, ქართული საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობისგან უკეთ იქნება დაცული“.

მან კვლავ ისაუბრა რევოლუციების მცდელობებზე „რადიკალური პარტიების, ენჯეოების და მედია საშუალებების“ მხრიდან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და განაცხადა, რომ „ამ ქვეყანას ჭირდება არა რადიკალიზაცია და რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობები, არამედ დამშვიდება და სტაბილურობა. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს ემსახურება“.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ამით უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩემთვის გასაგებია იმ ძალების აღშფოთება, რომლებიც გაუმჭვირვალობით სარგებლობას, საქართველოში რევოლუციის მოწყობას, მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს უკრაინიზაციას გეგმავდნენ. დღეს მათ იმედები გაუცრუვდათ, რადგან უცხოური გავლენის გამჭვირვალობა ამგვარ სცენარს ეფექტურად დააცხრობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება და დასძინა, რომ საქართველოს დამშვიდება ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

კობახიძემ განაცხადა, რომ „გამჭვირვალობის შესახებ კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად“. მისი თქმით, „2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა კანდიდატ ქვეყანაზე  უკეთ იქნება მომზადებული და საქართველო ღირსებით, დამოუკიდებლობით, თავისუფლებითა და სუვერენიტეტით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ვენეციის კომისიის მოსაზრების კომენტირებისას, რომელმაც პარლამენტს კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა, კობახიძემ განაცადა: „ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი წარმოდგენა ვენეციის კომისიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, არც ერთხელ ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი ინიციატივით კანონპროექტი არ გაგვიგზავნია. მომავალშიც არ ვაპირებთ. თუ იქნება მოთხოვნა, შეიძლება ანგარიში გავუწიოთ, როგორც წინა წლების განმავლობაში, თუმცა ჩვენი ინიციატივით ინტერესი არ გვაქვს. საქართველოს ხელისუფლებაში არიან იურისტები, სამართლის დოქტორები, პროფესორები, რომლებსაც აქვთ ბევრად უფრო მაღალი კვალიფიკაცია, ვიდრე ვენეციის კომისიაში წარმოდგენილ ექსპერტებს. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი ექსპერტიზის ინტერესი, როგორც ასეთი, არ არსებობს, მითუმეტეს, რომ კონკრეტული ექსპერტების კვალიფიკაციაც კი, რომლებიც არიან ჩართულნი დასკვნების მომზადებაში, არის საკმაოდ საეჭვო“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button