skip to content
ახალი ამბები

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ 28 მაისს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო. რაც შეეხება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, 66-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, მომხრე კი არავინ ყოფილა. პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის ხელმოწერამდე და მის ძალაში შესვლამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი.

„სამოქალაქო საქართველო“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასა და კანონის საბოლოო მიღებაზე საერთაშორისო გამოხმაურებებს გთავაზობთ:

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი: „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მაგრამ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას კვლავ დაუბრუნდეს ევროკავშირის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას“.

გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი: „საქართველო უკეთესს იმსახურებს. დამოუკიდებლობის დღიდან სულ რამდენიმე დღეში ახალი კანონი დემოკრატიული ღირებულებების სახიფათო დარღვევას წარმოადგენს. ეს ქვეყანას ევროპას აშორებს. ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს და მის მამაც ხალხს. პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, გამაგრდით!“

ზუზანა ჩაპუტოვა, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი: „სლოვაკეთი საქართველოს და მისი ხალხის მეგობარია და მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს. უცხოური გავლენის შესახებ კანონის ამოქმედება სწორედ ამ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისადმი საქართველოში ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა პატივისცემას იმსახურებს“.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ძალიან სამწუხარო დღეა საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და არავის სარგებელს არ მოუტანს, თითქმის არავის“.

ბაიბა ბრაჟე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან გადაახვევინებს. გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შანსი მისცა. ეს იყო ისტორიული მომენტი საქართველოსთვის, რომელსაც მისმა ხალხმა მკაფიოდ დაუჭირა მხარი. სამწუხარო დღეა“.

მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჩვენ შეძრწუნებულები ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით, რომელმაც არ გამოიყენა ევროინტეგრაციისკენ წინსვლის ისტორიული შესაძლებლობა და საკუთარი ხალხი  გაფართოების მოლოდინში განუსაზღვრელი ვადით დატოვა“.  

ანნალენა ბერბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ უვლის გვერდს ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლისთვის, და შესაბამისად, აშორებს ქვეყანას ევროპას. მაგრამ კურსის შეცვლა არასდროსაა გვიან“.

მიხაელ როთი, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: „სამწუხარო დღეა საქართველოსა და ევროპისთვის. საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოელი აგენტების კანონზე“. მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, რომელიც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირსებისთვის. არ დაგავიწყდეთ: „როცა ისინი ეცემიან, ჩვენ ვდგებით“. არ დანებდეთ. მალე არჩევნები მოვა“.

ტობიას ბილსტრომი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოში მმართველმა უმრავლესობამ გადაწყვიტა, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო და მიეღო კანონი უცხოური გავლენის შესახებ, ფართომასშტაბიანი პროტესტის, საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა და კანონის გაუქმების შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად. რამდენადაც  კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, ეს გადაწყვეტილება  ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე აისახება“.

ლარს ლოკე რასმუსენი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „მიუხედავად საზოგადოების წინააღმდეგობისა და საერთაშორისო მოწოდებებისა, საქართველოს მმართველმა პარტიამ დღეს მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რათა გააჩუმოს ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. თუ მმართველი პარტია არ შეცვლის თავის კურსს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა“.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ქართული ოცნების მიერ „უცხოელი აგენტების კანონზე“ ვეტოს დაძლევა ნათელი სიგნალია: ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეუერთდება დამოუკიდებელი დემოკრატიების ევროპულ ოჯახს და გვერდში ვუდგავართ ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ევროპული მომავლის სურვილში“.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ძალიან ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოო მიღების გამო. ეს  საგანგაშო ნაბიჯია არასწორი მიმართულებით და ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპული მომავლის სურვილს“.

ჰანკე ბრუინს სლოტი, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ სამწუხარო ნაბიჯია. კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც ნათლად განმარტა ვენეციის კომისიამ. როგორც ევროკავშირი, ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს ამ მოვლენების საპასუხოდ“.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო. სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის. საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მათი მუშაობისა და უსაფრთხოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და გაძლიერება. ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიის, ევროპული გზისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რომელთა მიმართაც ქართველმა ხალხმა თავისი ღრმა ერთგულება აჩვენა“.

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში: „გაერთიანებული სამეფო უაღრესად შეშფოთებულია გამჭირვალობისა და უცხოური გავლენის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევით. ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უკან გადაგმული ნაბიჯია და დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“.

კევინ ჰამილტონი, კანადის ელჩი თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში: „იმედგამაცრუებელი შედეგი დაიდო გუშინ საქართველოს პარლამენტში. მმართველი პარტიის „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები საკუთარი სიმტკიცითა და გაბედულებით საბოლოოდ დაძლევენ ამ წარუმატებლობას“.

ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი: „სწორედ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა უნდა აგონ პასუხი კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების მავნე პოლიტიკის გატარებისთვის. ჩვენ არ უნდა დავსაჯოთ ქართველი ხალხი, რომელიც რეპრესიების მიუხედავად, გაბედულად იცავს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების სურვილს. მივესალმები ჰელსინკის კომისიას ქართველების დემოკრატიისა და ევროპული არჩევანის დაცვისთვის. ევროპამ უნდა მიიღოს საკუთარი MEGOBARI აქტი, რათა მკაფიო გზავნილი გავაგზავნოთ: ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ საქართველოს თანდათანობით გადასვლაზე რუსეთის გავლენის სფეროში“.

მირიამ ლექსმანი, ევროპარლამენტარი: „ჩვენ ევროპარლამენტში გვაქვს ინფორმაცია ქართული ოცნების უმრავლესობის პარლამენტის კენჭისყრაზე სამარცხვინო რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის მიზნით. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით მათი თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების დასაცავად“.

ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი: „ქართულ ოცნებას მილიონი შანსი ჰქონდა, არ ეღალატა საქართველოსთვის, მაგრამ მაინც არჩია პუტინის დამორჩილება. ისტორია არასოდეს არის კეთილი მოღალატეების მიმართ. მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, ამბავი ქართველი ხალხისთვის კარგად მთავრდება. ადრე თუ გვიან, ისინი შეუერთდებიან ევროკავშირს და ვერანაირი რუსეთი და მათი მარიონეტები ამას ვერ შეცვლიან“.

ჯინ შაჰინი, ამერიკელი სენატორი: „იმედგაცრუებული ვარ, თუმცა არ გამიკვირდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოელი აგენტების“ კანონზე. ჩემი ‘ქართველი ხალხის აქტი’ უზრუნველყოფს პასუხისმგებლობას მათთვის, ვინც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას საქართველოში და უგულებელყოფს ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილებს“.

ჯიმ რიში, ამერიკელი სენატორი: „ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ ჩამოშორდა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას. მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი ხელისუფლება ვეღარ ისარგებლებს შეერთებული შტატების მხარდაჭერით“.

ჯო უილსონი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და სტივ კოენი, ჰელსინკის კომისიის წევრი: „რუსული კანონის იძულებითი განხორციელება საქართველოში, მიუხედავად ქართველი ხალხის სრულიად მკაფიო ნებისა, არის საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისა და ხალხის ევროატლანტიკური მომავლისთვის… ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას და რეპრესიების უფრო ფართო კამპანიას, რომელიც მან დაიწყო. კონგრესში, ჩვენ მოუთმენლად ველით MEGOBATI აქტის წინსვლას, რასაც მოყვება პასუხისმგებლობა საქართველოს ხალხის ნებაზე ამ თავდასხმისთვის. შეერთებული შტატები დგას ჩვენს მეგობრებთან, ქართველ ხალხთან, რათა დაიცვას ქართველთა თაობების თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის შესრულებული სამუშაო. ჩვენ მოუთმენლად ველით ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას კანონპროექტში და სხვაგან ასახული მექანიზმების მეშვეობით“.

მაიკლ მაკკოლი, აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: „სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოელი აგენტების“ მავნე რუსულ კანონზე. მათ გადაწყვიტეს, საქართველო ბნელ გზაზე, უფრო ღრმად რუსეთის ორბიტისკენ წაიყვანონ და დაშორდნენ დასავლეთთან ნათელ მომავალს, რომელსაც მათი ხალხი იმსახურებს… როგორც მე და ჩემმა კოლეგებმა ამ თვის დასაწყისში წერილში დავწერეთ, ეს ნაბიჯი მოითხოვს საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის ფუნდამენტური გადაფასებას. მე მჭიდროდ ვიმუშავებ ჩემს კოლეგებთან კონგრესში, რათა განვსაზღვრო, როგორი იქნება ეს ურთიერთობები“.

სამანტა პაუერი, USAID-ის ადმინისტრატორი: „საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის მიღებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ გზას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ორმხრივ ურთიერთობას აშშ-სთან. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ქართველ ხალხს და მათ სურვილს ევროპული მომავლისკენ“.

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF): „საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო და მიიღო კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ. RSF გმობს პრესის თავისუფლების შემაშფოთებელ რეგრესს. ეს თავისუფლების დამღუპველი კანონი, რომელიც რუსული კანონმდებლობის მოდელით შეიქმნა, უნდა გაუქმდეს!“.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button