skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ოთხი წლის ვადით კახა წიქარიშვილი, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი, დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ გაავრცელა 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

მსხილაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება ერთპიროვნულად დანიშნოს საბჭოს წევრები, მან 21 ივნისს შექმნა შესარჩევი კომისია, რომელმაც მას ორი კანდიდატი წარუდგინა. კანდიდატებიდან პრეზიდენტმა წიქარიშვილს მიანიჭა უპირატესობა.

“ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც გამოყენებული იქნება სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა შერჩევისათვის და ეს იყო კარგი მაგალითი,” – აღნიშნა მსხილაძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ექვსი არამოსამართლე წევრია, რომელთაგან ხუთს პარლამენტი ირჩევს, ხოლო ერთს – პრეზიდენტი. საბჭოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც თამარ გვამიჩავას, რომელიც პრეზიდენტმა 2020 წელს აირჩია, უფლებამოსილების ვადა გაუვიდა. აღსანიშნავია, რომ კახა წიქარიშვილი ერთ-ერთი პირველი იურისტია საქართველოში, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან ჩაწერილ ინტერვიუში სასამართლო კლანის შესახებ ღიად ისაუბრა.

კახა წიქარიშვილი ამჟამად მუშაობს პროექტის კოორდინატორად არასამთავრობო ორგანიზაციაში “უფლებები საქართველო”. მანამდე, 2016 წელს, იგი მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ; 2013-2015 წლებში იყო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი; 2012-2013 წლებში, ასევე 2016-2018 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში; 2007-2011 წლებში მუშაობდა სასამართლოს ადმინისტრირების და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის (USAID JAMR) ხელმძღვანელის მოადგილედ. 2005 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) შედარებითი სისხლის სამართლის კურსის ლექტორად.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button