skip to content
ახალი ამბები

დამკვირვებელი ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე მონიტორინგის მიზნით მათი დასწრების შეზღუდვას გმობენ

სამმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ – საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სასამართლოს გუშაგმა – 12 ივლისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის სხდომებზე მონიტორინგის მიზნით დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების დასწრებას ზღუდავს მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მონიტორინგს უწევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა მიმდინარეობას. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს ქმედება კანონს ეწინააღმდეგება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ პრაქტიკის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები რეგულარულად ინიშნება, თუმცა იშვიათად ტარდება. სხდომათა გადადების შესახებ დამკვირვებლების ინფორმირება არ ხდება დროულად და მათ ამის შესახებ მხოლოდ ხანგრძლივი, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ატყობინებენ. ორგანიზაციების თქმით, 8 ივლისის და შემდეგ 11 ივლისის სხდომებზე მისულ დამკვირვებლებს მრავალსაათიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ სხდომა გადაიდო. მოგვიანებით, ცხელი ხაზის მეშვეობით გაირკვა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სხდომა ჩაატარა მაშინ, როდესაც დამკვირვებლები შენობაში იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი სხდომაზე არ დაუშვეს.

ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე წელიწადზე მეტია აღარ ქვეყნდება საბჭოს გადაწყვეტილებები, არ იტვირთება სხდომათა აუდიოჩანაწერები და კონსტიტუციური ორგანო აღარ გასცემს საჯარო ინფორმაციას სრულად და დროულად. უფრო მეტიც, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში საბჭო წერილობითი სახითაც კი არ პასუხობს დაინტერესებულ მხარეს, რაც „აფერხებს გასაჩივრების და სასამართლოს გზით საჯარო ინფორმაციის მიღების პროცესს“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მონიტორებს სხდომათა ლოდინი „დამამცირებელ პირობებში“ უწევთ. ამასთანავე, საბჭოს წევრთა მხრიდან ადგილი ჰქონდა „პროვოკაციულ ქმედებებსაც, რათა დამკვირვებლების დასწრების შეზღუდვას გარკვეული ლეგიტიმაცია შესძინონ“.

„იუსტიციის საბჭოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის კარის დახურვით კი სასამართლო სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაცვაზეც ამბობს უარს და უბრუნდება 2013 წლამდე არსებულ მდგომარეობას, როდესაც საბჭოს სხდომები საზოგადოების ზედამხედველობის გარეშე ტარდებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button