ახალი ამბები

პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად, ანა დოლიძის ნაცვლად, საკუთარი კვოტით, ოთხი წლის ვადით, იურისტი თამარ ღვამიჩავა დანიშნა. პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი 22 ივლისს მოაწერა.

39 წლის თამარ ღვამიჩავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორია. მას ამავე უნივერსიტეტში სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის პოზიცია უკავია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტის კვოტით დანიშნულმა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ თანამდებობა 22 ივნისს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და მიზეზად, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შემდეგ, მის წინააღმდეგ დაწყებული „ბინძური პიარკამპანია“ დაასახელა.

პრეზიდენტმა დოლიძის ადგილმონაცვლის შესარჩევად კონკურსი 25 ივნისს გამოაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრობის სურვილი სულ 14-მა პირმა გამოთქვა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები მხოლოდ 9 კანდიდატმა დააკმაყოფილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას კონკურსანტების შესახებ ინფორმაცია არ გაუსაჯაროვებია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წარადგინა და იმედი გამოთქვა, რომ თამარ ღვამიჩავა იუსტიციის საბჭოს საქმიანობასა და სასამართლო რეფორმების „წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვან წვლილს“ შეიტანს.

„მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ შერჩეული კანდიდატი აკმაყოფილებს ამ თანამდებობისთვის მთავარ მოთხოვნებს – დამოუკიდებლობას, თავისუფალ აზროვნებას, პროფესიონალიზმს. ის არის და დარწმუნებული ვარ, იქნება სრულიად დამოუკიდებელი და მინდა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შედეგიანი საქმიანობა და დიდი წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, თამარ ღვამიჩავამ პრეზიდენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში „მნიშვნელოვანი წვლილის“ შეტანის შესაძლებლობას მისცემს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button