პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია
საქართველოს პარლამენტმა 17 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე აირჩია.
გოგა კიკილაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და მკვლევარი, ამავე უნივერსიტეტმა წარადგინა. იურიდიული დარგის სპეციალისტი ლევან ნემსაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების საზოგადოებამ“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაციამ“ წარადგინა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად არჩევისთვის, კანდიდატებს 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ერთი ხმა ოპოზიციიდანაც უნდა მიეღოთ.
საპარლამენტო უმრავლესობას სულ 85 ხმა აქვს (კენჭისყრამდე პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი სოსიაშვილის დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას). „ქართული ოცნების“ მოკავშირე პარტიამ „ევროპელმა სოციალისტებმა“, ფრიდონ ინჯიას ხელმძღვანელობით, დამატებით ოთხი ხმა უზრუნველყვეს. უცნობია, ვინ დაუჭირა მხარი არამოსამართლე კანდიდატებს ოპოზიციური ფლანგიდან.
ლევან ნემსაძის კანდიდატურას ორჯერ უყარეს კენჭი. პირველად მხოლოდ 89 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია, რაზეც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ღილაკმა არ იმუშავა. მეორე კენჭისყრის დროს ნემსაძემ საჭირო 90 ხმა მიიღო.
გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის შვილია, რომელიც ერთ-ერთი იმ ექვსი მოსამართლეთაგანი იყო, ვინც მხარი დაუჭირა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში არაკონსტიტუციური იყო. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელმა ნაზი ჯანეზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა: „კომენტარიც არ არის საჭირო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რა სწრაფად მიიღო სარგებელი ამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის მოსამართლის შვილმა ხვდებით ხომ?“
შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა კვოტისთვის საჭირო ხუთივე ვაკანსია შეივსო. მიმდინარე წლის მაისში პარლამენტმა ფარული კენჭისყრით აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დანიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)