skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე საუბრობს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, რომლიც 9 თებერვალს გამოქვეყნდა, უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების საქართველოს მიერ შესრულებაზე, საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნის მცდელობების“ შესახებ მმართველი პარტიის რიტორიკაზე, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენაზე, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პარლამენტის მიერ მედიისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

ომი უკარაინაში და რუსეთის მიმართ სანქციები

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის პირობებში პარტნიორები ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას ყოველთვის გაგებით ეკიდებოდნენ და მნიშვნელოვანია ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც უკრაინისადმი საქართველოს მოსახლეობამ და ხელისუფლებამ გაიღეს.

მისივე თქმით, საქართველო თავიდანვე ასრულებდა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს და ამის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მათ არ აქვთ. აშშ-ის ელჩმა საქართველოში შემომავალ და გამავალ ტვირთებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ რამის 100%-იანი მტკიცება შეუძლებელია, თუმცა საბაჟო სამსახურთან და სასაზღვრო პოლიციასთან მრავალწლიანმა მუშაობამ აჩვენა, რომ მათ „იციან რას აკეთებენ და როგორც შეუძლიათ, საუკეთესოდ აკეთებენ, ამ ვითარებაში“.

უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, კელი დეგნანმა საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაზე“ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს კიდევ ერთხელ უპასუხა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ძალიან კარგად იცის“, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამ მიმართულებით ზეწოლა არასდროს ყოფილა და მსჯელობა მხოლოდ იმაზე მიმდინარეობდა, თუ რა სახის დახმარების გაწევა იქნებოდა კომფორტული. „ჩვენ არასდროს მოგვიხდენია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა ან რამე სხვა გაეკეთებინა“.

ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი შინაარსის „დეზინფორმაციას“ ისინი ავრცელებენ, ვინც ქართველების დაბნევას, ქვეყნის კიდევ უფრო გახლეჩას და აშშ-საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ. „ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს დაიცვას საკუთარი იდენტობა, ისევე როგორც ვცდილობთ დავეხმაროთ უკრაინას“, – განაცხადა მან.

რუსეთთან ფრენების აღდგენა

საქართველო რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე საუბრისას, ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი „გარიყული ქვეყანაა. არავინ ესწრაფვის რუსეთთან დაახლოებას ახლა“. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ბევრი წელი დასჭირდა სხვადასხვა მიმართულებით რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად და ამ მხრივ კარგ პროგრესსაც მიაღწია.

მისივე თქმით, აშშ სხვა მეგობრებთან ერთად მუშაობს, რომ საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების კიდევ უფრო შემცირებაში დაეხმაროს, რადგანაც რუსეთი ამას ქვეყნების დასასუსტებლად იყენებს. „ეს არ არის ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას ყოფნა შეიძლება სურდეს“.

ევროკომისიის 12 რეკომენდაცია

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე საუბრისას, ელჩმა დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ ამის დაკვეთა ქართველი ხალხისგან მომდინარებს, რომელმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ მათი არჩევანი „ევროპული მომავალია“. ამდენად, მან აღნიშნა, რომ ლიდერებმა მოთხოვნილი რეფორმების გატარებაზე უნდა იმუშაონ, რადგანაც ამას ყველასთვის ძალიან დიდი სარგებელი მოჰყვება.

აშშ-ის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ათწლეულების, თუ არა საუკუნეების განმავლობაში, ძალისხმევას არ იშურებდა ევროპულ ოჯახთან ინტეგრაციისთვის და გარკვეული პროგრესის მიღწევა შესაძლებელი გახდა, თუმცა ევროკავშირისგან მოვისმინეთ, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოა საჭირო.

მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ ვალდებულებების ფორმალურად შესრულების პროცესი, ეს არის პროცესი ევროკავშირისთვის და ქართველი ხალხისთვის იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება და ქართველი ლიდერები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს ძლიერ დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამას ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

ელჩმა დეგნანმა ასევე განმარტა, რომ ყველა, ვისაც ევროპული ოჯახის წევრობა სურს, იმავე პასუხისმგებლობას, ღირებულებებსა და პრინციპებს უნდა იზიარებდეს. ამიტომ, მან ხაზგასმით თქვა, რომ ამ პროცესს მეტი ერთიანობა, მეტი ინკლუზიური პროცესები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა სჭირდება, რაც წარმოაჩენს, რომ კანდიდატის სტატუსისთვის ერთიანი საქართველო მუშაობს და არა დაყოფილი. „ეს იქნება ძალიან ძლიერი გზავნილი არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვისაც,“ თქვა დეგნანმა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მანვე დასძინა, რომ მისი ქვეყნის ხელისუფლება განსაკუთრებით შეშფოთებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ომბუდსმენის ოფისისა და სხვათა შეფასებებით.

მანვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილი მისთვის საჭირო მზრუნველობას იღებდეს. ელჩმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მისი უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად, რათა ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდეს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ მას მოსამართლის დასაბუთება არ წაუკითხავს და ამდენად მისი შეფასება უჭირს. თუმცა, მანვე დასძინა, რომ როგორც მას უთხრეს, ხალხი საკითხზე უფრო მეტ განხილვას ელოდა.

პარლამენტის მიერ მედიისთვის შემუშავებული ახალი წესები

პარლამენტის მიერ მედიის წარმომადგენლებისთვის შემუშავებულ ქცევის ახალ წესებზე საუბრისას, ელჩმა დეგნანმა ხაზგასმით თქვა, რომ მნიშნველოვანია თუ როგორ განხორციელდება ის. მისივე თქმით, ჟურნალისტების აკრედიტაციის პროცესი, შესაძლოა, ზოგჯერ სასარგებლოც იყოს, თუკი ის ცენზურისთვის არ გამოიყენება.

„ვნახოთ, რას გულისხმობს სპიკერი და განხორციელდება თუ არა ის ისე, რომ უზრუნველყოს ქვეყანაში მძლავრი მედიასაშუალებების ფუნქციონირება“, – თქვა მან.

მსგავსი/Related

Back to top button