ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: „არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას „არ მიესალმება“.

„თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთ თემებს მაშინ ,,გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის. ამის დაშვება დაუშვებელია!“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, იმ დროს, როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, „რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია[ც]“. ამით სალომე ზურაბიშვილმა, სავარაუდოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეზე მიანიშნა, რომელმაც თქვა, რომ „თუ [რუსეთთან] ფრენები აღდგება, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება“.

პრეზიდენტმა ასევე არ გაიზიარა ხელისუფლების წარმომადგენლების არგუმენტი, თითქოს ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემებს შეამსუბუქებს, რადგანაც მისივე თქმით, მცდელობის მიუხედავად, ვერ მიაღწია შედეგს „მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით“, რაც „ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და, მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს“.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხზე მსჯელობის მაგივრად, „მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს – საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ!“

„ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.

მანვე ხელისუფლებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხის შესწავლის აუცილებლობაც შეახსენა, „რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია“.

„გვჭირდება რეგულაციები – სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button