ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 22 წლის დემეტრე დარჩია, დაიღუპა. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ 12 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

„ქართულმა ლეგიონმა“ განაცხადა, რომ დარჩია ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა, რომელიც მათ ბაზაზე დაუდგენელმა პირმა მიიტანა. ლეგიონის შეფასებით, ეს „დივერსიული აქტი“ იყო.

ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, განაცხადა, რომ ინციდენტი კიევში, მათ საწვრთნელ ბაზაზე მოხდა. მისი თქმით, ბაზაზე ასაფეთქებელი ნივთიერებები არ ინახება. „დიდი ალბათობით, მას მიაწოდეს ყუთი, რომელშიც სავარაუდოდ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა და რომლის ოთახში გახსნის დროსაც მოხდა დეტონაცია”, – განუცხადა მამულაშვილმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს და აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილას სხვა მებრძოლები არ იმყოფებოდნენ.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას საქართველოს 67 მოქალაქე დაიღუპა.

This post is also available in: English

Back to top button