ახალი ამბები

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 30 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 სექტემბერს განაცხადა, რომ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მეორე მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფული. ასევე,  ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები,  რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

This post is also available in: English

Back to top button