
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას არასამთავრობოების საბანკო ანგარიშებზე ყადაღის მოხნისკენ მოუწოდებს
ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით“ და განაცხადა, რომ ეს არის „მორიგი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის რეპრესიის იარაღად გამოყენება“.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არიან სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების საყრდენი. წლების განმავლობაში, საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა იყო, რასაც მისი მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოჰქონდა. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ძირითად პრინციპებს უთხრის ძირს“, – ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის ანიტა ჰიპერის მიერ 29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში. „ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მედეგ და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მზარდი რეპრესიების მიუხედავად კვლავ ემსახურება მოქალაქეებს“.
This post is also available in: English