
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თანამდებობა დატოვა
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ 30 ივნისს თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ეს მისი „პირადი გადაწყვეტილება“ იყო. წულაძე თანამდებობას 2024 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.
„მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებთან, ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს“, – განაცხადა წულაძემ სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მან მადლობა გადაუხადა სამინისტროს თანამშრომლებს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის გუნდს, რომლებიც „ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას“.
დღესვე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მომავალ მინისტრად პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე წარადგინა. განათლებით იურისტი გივი მიქანაძე 2020 წლიდან „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრია და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა (PACE) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციების წევრია.
This post is also available in: English