skip to content
ახალი ამბები

ბათუმის სასამართლომ ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.

„ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს“, – განაცხადა საია-მ, რომელიც სასამართლოში ამაღლობელის ინტერესებს იცავს. „ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს“.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მანამდე, 21 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის სარჩელი დაუშვებლად ცნო და ჟურნალისტი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორს მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ამაღლობელი უკვე 34 დღეა შიმშილობს.

საია-მ ადრე განაცხადა, რომ ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი დევნა უკანონოა და პოლიტიკურ რეპრესიას წარმოადგენს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button