
საია: მზია ამაღლობელის მიმართ წინასწარი პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით ადვოკატები შუამდგომლობას წარადგენენ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) და იურიდიული ფირმა „BLB“-სგან შემდგარი იურიდიული გუნდი აპირებს, რომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ წინასწარი პატიმრობის გაუქმების მოთხვნით. ადვოკატები აცხადებენ, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, პოლიტიკურად მოტივირებულია და ჟურნალისტის დაშინების მცდელობას წარმოადგენს. ამაღლობელი უკვე 32 დღეზე მეტია შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.
ერთობლივ ანგარიშში საია და BLB ამაღლობელის საქმეს ვრცლად აფასებენ.
პატიმრობის გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი
ამაღლობელი 13 იანვარს დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც სამართალდამცველებზე თავდასხმას გულისხმობს. მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 14 იანვარს შეფარდებული წინასწარი პატიმრობა არა მხოლოდ გადაჭარბებული, არამედ უკანონოც იყო. ადვოკატების თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, წინასწარი პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული და უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიულ სახეს.
საიას განცხადებით, „სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო ბრალდების მხარის აბსტრაქტულ და ჰიპოთეტურ პოზიციას ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკის არსებობის შესახებ“.
ამაღლობელის ადვოკატების აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკას. მათი თქმით, ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას უნდა წარმოადგინოს კონკრეტული და ინდივიდუალური დასაბუთებები დაკავების შესახებ, და არ დაეყრდნოს ბუნდოვან ან ზოგად ბრალდებებს.
ახალი მტკიცებულებები საქმეში
ამასთან, საია-მ ამაღლობელის დასაცავად ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა – ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ეწინააღმდეგება პროკურატურის განცხადებას. კადრების მიხედვით, ამაღლობელი თავდაპირველად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ პოლიციის ღობეზე სტიკერის გაკვრის ბრალდებით დააკავა. საიას თქმით, ადმინისტრაციული დაკავების ოქმში ყალბად წერია, რომ ამაღლობელმა პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა.
ამრიგად, მზია ამაღლობელი დააკავეს ქმედებისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულს არ წარმოადგენს. თავად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში, ასევე ყალბად, მზია ამაღლობელის დამკავებელ პირად მითითებულია ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა ვაზაძე.
მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ადმინისტრაციული დაკავებიდან ერთი თვე გავიდა, ამაღლობელს არ მიუღია ოფიციალური სამართალდარღვევის ოქმი და არც სასამართლოს განუხილავს სავარაუდო დანაშაული. მისმა ადვოკატებმა პატიმრობა გაასაჩივრეს და აცხადებენ, რომ ყალბი ადმინისტრაციული ოქმი მისი პატიმრობის გაგრძელების საბაბად გამოიყენეს.
სასამართლო მიკერძოება და კითხვები მოსამართლის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით
დაცვის მხარის მიერ წამოყენებული ერთ-ერთი მთავარი საკითხი იმ მოსამართლის კვალიფიკაციაა, რომელმაც ამაღლობელის პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი უძღვებოდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული აქვს მხოლოდ სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.
„შესაბამისად, მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, რომელსაც არა აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართალში. ეს პრაქტიკა შესაძლოა შეფასდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად“, – აცხადებენ უფლებადამცველები.
სისხლის სამართლის უკანონო ბრალდება და 353 პრიმა მუხლის არასათანადოდ გამოყენება
საია-ს თქმით, ამაღლობელისთვის წაყენებული ბრალდება – პოლიციელზე თავდასხმა 353-ე პრიმა მუხლით გულისხმობს ფიზიკურ ძალადობას ან ძალადობის მუქარას, ძალადობას, რომელიც მიმართულია პოლიციელის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების წინააღმდეგ და თავდასხმა უნდა იყოს ამგვარი საფრთხის შემცველი.
„მზია ამაღლობელის ქმედება – გაშლილი მარცხენა ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხვდება, არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს“, – აცხადებს საია. „როგორც თავად ირაკლი დგებუაძე აღწერს, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი. მხოლოდ სუბიექტური აღქმებით შეფასებული ფიზიკური ტკივილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებული თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება“.
ინტერესთა კონფლიქტი გამოძიებაში
ამაღლობელის ადვოკატების თქმით, კიდევ ერთი მთავარი პრობლემა ინტერესთა აშკარა კონფლიქტია. საქმეში დაზარალებული მხარე ირაკლი დგებუაძე ბათუმის საქალაქო პოლიციის დეპარტამენტის უფროსია, რაც ნიშნავს, რომ გამოძიებას თავდაპირველად მისი უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები აწარმოებდნენ.
- ამაღლობელის წინააღმდეგ მთავარი მოწმეები დგებუაძის განყოფილების ექვსი თანამშრომელია;
- საგამოძიებო დანაყოფის უფროსი, ბერდია ფერაძე, საქმეს კურირებს და არის ბრალდების მხარის მთავარი მოწმე, რაც ინტერესთა კონფლიქტის შესახებ მორიგ წუხილებს იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ გენერალურმა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ საქმე გურიის პოლიციის დეპარტამენტს გადასცა, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება არ გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს, რადგან გურიის განყოფილება აჭარის პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ რჩება.
სადავო ადმინისტრაციული პატიმრობა
11 იანვარს ამაღლობელის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის სავარაუდო დარღვევას ეფუძნებოდა. თუმცა, საია ამტკიცებს, რომ მსგავსი დარღვევა არ მომხდარა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეო კადრებში ჩანს, რომ იგი მხოლოდ სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს – ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. გარდა ამისა, მისთვის არასოდეს გამოუწერიათ ოფიციალური სამართალდარღვევის ოქმი და არც სასამართლოსთვის გადაუცემიათ მისი საქმე განსახილველად.
ადვოკატები აცხადებენ, რომ „2025 წლის 21 იანვარს, ადმინისტრაციული დაკავების ოქმი მზია ამაღლობელის სახელით გასაჩივრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა, ამ დროისათვის საჩივართან დაკავშირებით არ არის მიღებული არანაირი გადაწყვეტილება“.
არასათანადო მოპყრობის ბრალდებები
ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს პატიმრობაში ყოფნისას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, მას არ ჰქონდა წვდომა წყალზე და ეკრძალებოდა ადვოკატებთან შეხვედრაც, რაც მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა. საია-მ აღნიშნა, რომ ამაღლობელის თქმით, დგებუაძემ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა და სახეში შეაფურთხა კიდეც.
ადვოკატების თქმით, მათ 12 იანვარს საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ შეატყობინეს, თუმცა ოფიციალური გამოძიება მხოლოდ 17 იანვარს – ხუთი დღის შემდეგ დაიწყო. მიუხედავად ამისა, ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა ადასტურებს, რომ არ არსებობს ინსტიტუციური და პოლიტიკური მზაობა, გამოიძიონ მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი“, – აცხადებს საია.
ჯანმრთელობის გაუარესება შიმშილის ფონზე
საიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შექმნილი სამედიცინო ჯგუფი მის სამედიცინო დოკუმენტაციას განიხილავს და წერილობით შეფასებას ამზადებს.
ადვოკატებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს ამაღლობელის პოზიცია, რომ იგი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და არ სურს ამის გამო რაიმე პრივილეგიის მიღება. ციხეში გადაყვანის სურვილის მიუხედავად, მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში მეთვალყურეობას საჭიროებს და ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე იგი კლინიკაში რჩება, აცხადებს საია.
შეჯამება
„მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, ვინაიდან მისი დევნა თავსდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900(2012) რეზოლუციით განსაზღვრულ კრიტერიუმებში, მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ დევნას და პატიმრობას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები“, – აცხადებენ უფლებადამცველები.
ისინი მოითხოვენ, რომ:
- სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან;
- საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე;
- სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი;
- პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი;
- საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო;
- საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადი მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვრის ბათუმის აქციაზე ციალა ქათამაძის უკანონო დაკავების გამო;
- საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/01/2025 – საია: მზია ამაღლობელის სისხლისსამართლევრივი დევნა პოლიტიკური რეპრესიაა
- 19/01/2025 – უფლებადამცველები: ამაღლობელის საქმე დამოუკიდებელი პრესის დევნის მაუწყებელია
- 14/01/2025 – ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
- 12/01/2025 – გაზეთის დამფუძნებელზე გამოძიება სისხლის სამართლის ბრალდებით მიმდინარეობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)