skip to content
ახალი ამბები

ჟურნალისტების, რედაქტორებისა და მედიის მენეჯერების განცხადება ამაღლობელის დაკავებისა და მედიაგარემოს გაუარესების შესახებ

განცხადებაში, რომელსაც საქართველოში მედიასაზოგადოების 300-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი, ონლაინ გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მენეჯერი, რომელიც ხელისუფლებამ დააკავა და დააპატიმრა, პირველი სინდისის პატიმარი ჟურნალისტი ქალია საქართველოში. ჟურნალისტები, რედაქტორები და მედიის მენეჯერები აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის ბრალდებით მისი დაკავება აჩვენებს, რომ „ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა“ და მის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

27 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება“.

მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 12 იანვარს ამაღლობელის დაკავების შემდეგ, „თითოელ ჩვენგანს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე“.

ისინი ასევე აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის ბოლო წლებში საქართველოში „მკვეთრად გაუარესდა მედიაგარემო“. „გარდა იმისა, რომ 2024 წლის ზაფხულში მიღებული “რუსული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოში მოქმედ დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, უკიდურესად გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. ამასთან, დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ რუსული სტილის რეპრესიების განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული აქციების გაშუქების დროს, „ივანიშვილის რეჟიმის  სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან  ჟურნალისტებზე ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. “ქართული ოცნების” საგამოძიებო უწყებებს არც ერთი ეს შემთხვევა არ გამოუძიებიათ და არ დაუსჯიათ ჟურნალისტებზე მოძალადეეები“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2024-25 წლებში ოლიგარქის რეჟიმმა არაერთი ჟურნალისტი დააპატიმრა „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით” და ფულადი ჯარიმების ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა ისინი. „ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის “ბრალდებით” დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მედიის წარმომადგენლები მოითხოვენ „სინდისის პატიმრის“ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოუწოდებენ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, „ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში“.

ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. იმავე დღეს მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, რომლის ჯანმრთელობას 16-დღიანი შიმშილობის შემდეგ სერიოზული საფრთხე ემუქრება, როგორც ამის თაობაზე უფლებადამცველები და მედია ექსპერტები იტყობინებიან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button