
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვს
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ 10 თებერვალს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, სრულად დაიცვას ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტები, გაათავისუფლოს დაკავებული მომიტინგეები და ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე ქვეყნის პოლიტიკური გარემო „არსებითად შეცვალოს“.
„ბიურო მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები იმ უკიდურესი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის მოსაგვარებლად, რომელიც მათ ქვეყანას აზიანებს“, – ნათქვამია განცხადებაში. ბიურომ ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „უნდა უზრუნველყოს სამართალდამცავი უწყებების, სასამართლო სისტემისა და ყველა საჯარო ინსტიტუტის დამოუკიდებლობა“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „საჯარო მოხელეები ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს“.
„ყველას უნდა მიეცეს საშუალება, განახორციელოს თავისი დემოკრატიული უფლებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში. „მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიული საზოგადოებების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, ის პირები, რომლებიც ამჟამად დაკავებულნი არიან ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში არაძალადობრივი მონაწილეობისთვის, უნდა გაათავისუფლონ. მათ შორის არიან ეროვნული და ადგილობრივი დონის პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომლის მიმართაც კონგრესი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს თავისი პოზიცია და გამოთქვას „ოპოზიციასთან გულწრფელი, ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის მზაობა“.
განცხადების თანახმად, დიალოგმა ხელი უნდა შეუწყოს ახალი არჩევნების ჩატარებას, რომელიც ევროპულ სტანდარტებს და 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს დაეფუძნება.
ამასთან, ბიურომ არსებულ პოლიტიკურ კლიმატში მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების ასეთ პირობებში ჩატარებამ შესაძლოა არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გაამძაფროს. „თუ არ მოხდება პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილება, ეს არჩევნები უნდა გადაიდოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კონგრესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. „კონგრესი მზადაა უზრუნველყოს ნებისმიერი მხარდაჭერა ამ მიზნის მისაღწევად“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც დებატები საქართველოს შესახებ კონგრესის მომდევნო სესიაზე, 2025 წლის 25-27 მარტს გაიმართება.
ასევე წაიკითხეთ:
- 25/01/2025 – ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ვიზიტისას პოლიციის სისასტიკესა და რეპრესიულ კანონებს გმობს
- 20/12/2024 – ალან ბერსე: „ქართულმა ოცნებამ“ უცხოელი აგენტების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის პირობა დადო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)