skip to content
ახალი ამბები

ალან ბერსე „სინანულს“ გამოთქვამს „უცხოური გავლენის“ კანონზე „ქართული ოცნების“ პოზიციის შეცვლის გამო

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში „დიდი სინანულით“ აღნიშნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში, რომლის ფარგლებში ცვლილებები უნდა შესულიყო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონში, მიუხედავად ამის, რომ ამის თაობაზე შეთანხმება საქართველოში 2024 წლის დეკემბერში ბერსეს მიერ განხორციელებული ვიზიტის დროს იქნა მიღწეული.

20 იანვარს სამდივნომ სამუშაო ჯგუფის შექმნა ოფიციალურად წერილით მოითხოვა ევროპის საბჭოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ კობახიძემ მიზეზად „შეცვლილი გარემოებები“ დაასახელა. „თუმცა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, გააგრძელოს მუშაობა ევროპის საბჭოსთან მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს პრესრელიზში.

„ქართულმა ოცნებამ“ 5 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი პარტია დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც „იქნება ამერიკული FARA-ს  დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას“. ამასთან, მმართველმა პარტიამ მომდევნო 2-3 თვეში რამდენიმე რეპრესიული კანონის მიღებაც დააანონსა.

სატელეფონო საუბრისას „გენერალურმა მდივანმა დიდი სინანულით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობისა და პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციის თაობაზე“.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ „ახლა ამოცანას წარმოადგენს, შეფასდეს ხელისუფლების კურსის ცვლილების შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენა. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება“.

ევროპის საბჭოს პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს როლი გულისხმობს დემოკრატიის პრინციპების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების „აქტიურად დაცვას“ და ამ მიზნით, ალან ბერსეს ვიზიტის შემდეგ, ევროპის საბჭოს რამდენიმე ორგანომ ვიზიტები განახორციელა ქვეყანაში. მათ შორის იყვნენ PACE-ს თანამომხსენებლები, წამების პრევენციის კომიტეტის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა კომისარი და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წევრები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button