skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ რეპრესიულ საკანონმდებლო ინიციატივებს ამზადებს  

მომდევნო ორი თვის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ შემზღუდავ კანონებს დააინიცირებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ იქნება მიმართული. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამკაცრდება ანტინარკოტიკული პოლიტიკა და მოხდება მედიის კანონის ინიცირება, რომლითაც დადგინდება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები და შეიზღუდება უცხოური წყაროებიდან მედიის დაფინანსება. მან ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტია დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც „იქნება ამერიკული FARA-ს  დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას“. მისივე თქმით, ე.წ. „მედიის კანონი“ ბრიტანულ მოდელს დაეფუძნება.

დაგეგმილი კანონმდებლობა

ნარკოპოლიტიკა და კანონმდებლობა გამკაცრდება. მდინარაძის თქმით, სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახით გამსაღებლის მიმართ იქნება „უკიდურესად მკაცრი“,  ხოლო მომხმარებლებს, მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად, „უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე“. მან ასევე აღნიშნა, რომ მარიხუანასა და ჰეროინის მომხმარების მიმართ ერთი და იგივე დამოკიდებულება არ იქნება.

ამასთან, მდინარაძემ, დეტალების დაზუსტების გარეშე, განაცხადა, რომ მმართველი პარტია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას გაამკაცრებს, თუმცა მათი უფლებების ურყევად იქნება დაცული.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ „აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას“.

ამასთან, გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა დანიშნვა და მათი დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის დისკრეციულ უფლებამოსილებად.

მდინარაძის თქმით, „შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე“.

„მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი… რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, თუმცა „ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“.

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ დაინიცირდება კანონპროექტი, რომელიც „იქნება ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას“. მისი თქმით, შარშან პარლამენტმა მიიღო FARA-ს „მსუბუქი ვერსია“, რომელიც, „ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია“. მანამდე, მდინარაძე ამბობდა, რომ მოქმედი კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ FARA-ს ეფუძნებოდა.

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ „პარალელურად მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენის გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან“.

„გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც“, – აღნიშნა მან.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის და ქაოსის მცდელობები, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე და გაგრძელდება, მათ შორის, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირება“.

„ყველა ღონეს მივმართავთ, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია, რომ ქვეყანა აღარასდროს დაექვემდებაროს შანტაჟს, მისი ინსტიტუტები იყოს ძლიერი და ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, მისი დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებების უპატივცემულობა“, – დასძინა მან.

 მდინარაძემ დააზუსტა, რომ კანონების მიღება დაჩქარებული წესით არ იგეგმება: „ჩვენ დაახლოებით ორი, მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში მოვახერხებთ ამ კანონების მიღებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button