
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს სტუმრობს
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ 18 დეკემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვიზიტი ხორციელდება პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტში, რომელიც გამოირჩევა ძლიერი დაძაბულობით, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზებითა და ძალადობის აქტებით ბოლო კვირების განმავლობაში“. ამავე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია „უზრუნველყოს პირობები ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის უწყვეტი თანამშრომლობისისთვის, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით“. „ქართულმა ოცნებამ“ ეს ფაქტი მისი ხელისუფლების ლეგიტიმურობის დასადასტურებლად გამოიყენა.
ვიზიტამდე გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ „არსებულ დაძაბულ და შემაშფოთებელ კონტექსტში, ევროპის საბჭო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ დაძაბულობის ესკალაცია“. ევროპის საბჭო ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, კერძოდ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ გენერალური მდივანი „მიესალმება ნიკა გვარამიას და ალეკო ელისაშვილის გუშინდელ გათავისუფლებას, რომელთაც ის ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად შეხვდება“. ოფიციალურ პრესრელიზში სხვა შეხვედრებზე საუბარი არ არის.
„ქართულმა ოცნებამ“ უკვე გამოიყენა ვიზიტი 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თავისი მმართველობის ლეგიტიმურობის დასადასტურებლად. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 18 დეკემბერს განაცხადა: „ლეგიტიმაციაზე საუბარი, ალბათ, ვეღარ გაგრძელდება, რადგან ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს. როგორც ვიცით, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა. შესაძლოა, ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი… თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ლეგიტიმაციაზე საუბარი ამით დასრულებულია“.
გენერალურ მდივანს თან ახლავს გენერალური დირექტორი ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საკითხებში, და გენერალური დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების საკითხებში.
შეხვედრა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრთან
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა“ ჰქონდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ „მჭიდრო თანამშრომლობა“. მან ალან ბერსეს ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებას და თანამშრომლობას ქვეყანასა და ევროპის საბჭოს შორის.
„90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდეს. პირადად ბატონი გენერალური მდივნის როლი ამაში არის განსაკუთრებული და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება პირადად ბატონი ალან ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.
შეხვედრა შალვა პაპუაშვილთან
ალან ბერსესთან შეხვედრაზე, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მას „ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ესაუბრა და ძალადობრივი პროტესტის ქრონოლოგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, ამის თაობაზე პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება. „მხარეებმა ასევე ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობაზე, როგორც დემოკრატიული პროცესის განუყოფელ ნაწილზე“, – ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზში. „მხარეებმა გამოხატეს, ღია დიალოგის საფუძველზე, შემდგომი თანამშრომლობის მზაობა“.
შეხვედრა სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ალან ბერსეს შეხვდა. შეხვედრაზე „ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, სამართალდამცავთა მიერ აქციის მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს“.
მოგვიანებით ბერსემ სახალხო დამცველთან შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მისი მუშაობა აუცილებელია „გამოძიების გამჭვირვალობისთვის“.
შეხვედრა ოპოზიციურ ძალებთან
19 დეკემბერს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა თბილისში შეხვედრები გააგრძელა. „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ „ღია და კონსტრუქციული დიალოგი“.
ალან ბერსეს ვიზიტს არაერთგვაროვანი რეაქციები მოყვა. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ განაცხადა, რომ ისინი გენერალურ მდივანს არ შეხვდებიან. კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „სწორედ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით იყენებს ქართული ოცნება თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ბატონი ალან ბერსეს, ვიზიტს. სახელმწიფოს მიტაცების ავტორებს სურთ ამ ვიზიტის გამოყენებით შეცდომაში შეიყვანონ საქართველოს მოქალაქეები, თითქოს ვინმე ევროპაში აღიარებს მათ ლეგიტიმურობას“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ახალი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებული მკაფიო პოლიტიკური გზავნილებისა და ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს კონტექსტთან შესაბამისი დღის წესრიგის გარეშე განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტები ეხმარება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებში ხელახლა შექმნას მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბუნდოვანება და გაურკვევლობა მისი კრიმინალური გუნდის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით“. კოალიციის თქმით, „დარწმუნებულნი ვართ, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული უმძიმესი მდგომარეობის გაუმჯობესების, განსაკუთრებით პოლიტიკურ ტყვეებად ქცეული ჩვენი თანამოქალაქეების განთავისუფლების თვალსაზრისით“.
კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ფეისბუქზე“ განმარტა, რატომ არ დაესწრო შეხვედრას. მისი თქმით, ევროპის საბჭოს მთავარი მანდატი ადამიანის უფლებების დაცვაა. „პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია“, – დასძინა მან.
ალან ბერსე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან „გახარია – საქართველოსთვის“ შეხვედრას ტვიტერზე გამოეხმაურა და მას „გულწრფელი და პროდუქტიული დისკუსია“ უწოდა.
გარდა ამისა, მან შეხვედრა გამართა „ძლიერი საქართველოს“ წევრებთან, მათ შორის ალეკო ელისაშვილთან, და განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა ბრალდება სისტემატურად და ეფექტურად იქნას გამოძიებული“.
მოგვიანებით, გენერალურმა მდივანმა დაწერა, რომ იგი შეხვდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორი საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ ჟურნალისტებს – ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს გურამ როგავას და ტვ პირველის ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)