
PACE-ს პრეზიდენტი: საქართველოს მონაწილეობა ასამბლეაში სავალდებულოა და არა ნებაყოფლობითი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ PACE-ში საქართველოს დელეგაციისთვის ასამბლეაში მონაწილეობა სავალდებულოა და არა ნებაყოფლობითი, რადგან დელეგაციის წევრების მანდატები რატიფიცირებულია.
PACE-მ 29 იანვარს საქართველოს დელეგაციის წევრთა მანდატები ნაწილობრივ დაამტკიცა იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაატარებს ახალ არჩევნებს, გაათავისუფლებს „ყველა პოლიტპატიმარს“ და „დაუყონებლივ შეწყვეტს პოლიციის სისასტიკეს და ადამიანის უფლებების დარღვევებს“. ამ გადაწყვეტილების შემდეგ PACE-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს PACE-ში მუშაობას, რადგან ასამბლეის მიერ წამოყენებული პირობები, კერძოდ, ახალი არჩევნების ჩატარება, არასამართლიანია და საქართველოს სუვერენიტეტს ლახავს.
„საპარლამენტო ასამბლეა არ არის ნაწილობრივი შეთანხმება, არამედ ორგანო, რომელშიც მონაწილეობა არ არის არჩევანი, არამედ ვალდებულებაა“, – განუცხადა PACE-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს 31 იანვარს. „ვინაიდან მანდატები დამტკიცებულია, ისინი ასამბლეაში უნდა იყვნენ წარმოდგენილი. ეს მათი ვალდებულებაა“.
პრეზიდენტმა რუსოპულოსმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპრეზიდენტო კომიტეტმა გუშინ საღამოს „საფუძვლიანად“ განიხილა საქმე და გააგრძელებს მის განხილვას „მომდევნო კვირების განმავლობაში“, და რომ გადაწყვეტილება აპრილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სესიაზე მიიღება. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ასამბლეამ იმ შემთხვევაში, თუ ქართული დელეგაცია კვლავაც უარს იტყვის ასამბლეაში მუშაობის ვალდებულებაზე. მისი თქმით, „ახლა არ ვაპირებ რაიმე სახის ჰიპოთეზაზე რეაგირებას. მე მაქვს ჰიპოთეზა, მაგრამ ჩემთვის შევინახავ“.
რუსოპულოსმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც დელეგაციის მანდატები რატიფიცირებულია, თუმცა დელეგაცია უარს ამბობს ასამბლეაში მუშაობაზე. მან განმარტა, რომ აზერბაიჯანის შემთხვევა განსხვავებული იყო, რადგან მისი დელეგაციის მანდატები საერთოდ არ იყო რატიფიცირებული.
მან ასევე განაცხადა, რომ „საქართველო უნდა შეეგუოს იმას, რომ მათ გააკონტროლებენ“ იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი არ შეასრულებენ უფლებამოსილებებს და პატივს არ სცემენ ორგანიზაციის წესებს. ამ კონტექსტში, მან დაპატიმრებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის და მისი დაკავების გარემოებების შესახებაც ისაუბრა. PACE-ს პრეზიდენტის თქმით, ის, როგორც მას მოეპყრნენ დაკავების იზოლატორში, როდესაც წყალსა და საფირფარეშოზე უარი უთხრეს, იყო „წამება“. „ვფიქრობ, ეს საქმე ნათელს ხდის წესების, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა კონვენციის პატივისცემის მნიშვნელობას“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/01/2025 – PACE-ში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა
- 25/01/2025 – ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ვიზიტისას პოლიციის სისასტიკესა და რეპრესიულ კანონებს გმობს
- 20/12/2024 – ალან ბერსე: „ქართულმა ოცნებამ“ უცხოელი აგენტების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის პირობა დადო
- 20/12/2024 – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს სტუმრობს
- 05/01/2025 – ოპოზიცია PACE-ს მოუწოდებს, არ აღიაროს ქართული ოცნების დელეგატების საპარლამენტო მანდატები
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)