
PACE-ში წარუმატებლობის შემდეგ „ქართული ოცნება“ ასამბლეაში მუშაობას აჩერებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) „ქართული ოცნების“ დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს PACE-ში მუშაობას, რადგან ასამბლეის მიერ წამოყენებული პირობები, კერძოდ, ახალი არჩევნების ჩატარება, არასამართლიანია და საქართველოს სუვერენიტეტს ლახავს. იგი შეეცადა გამარჯვებად წარმოეჩინა PACE-ს გადაწყვეტილება დელეგაციის წევრებისთვის მანდატების რატიფიცირების თაობაზე და განაცხადა, რომ ოპოზიცია ამაოდ ეცადა ამ საქმეში ხელი შეეშალა. PACE-ს პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის სინანულს გამოხატავს ქართული დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, რაც „საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების წინსვლას დაეხმარებოდა“.
PACE-მ საქართველოს დელეგაციის წევრთა მანდატები ნაწილობრივ დაამტკიცა იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაატარებს ახალ არჩევნებს, გაათავისუფლებს „ყველა პოლიტპატიმარს“ და „დაუყონებლივ შეწყვეტს პოლიციის სისასტიკეს და ადამიანის უფლებების დარღვევებს“.
ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად, საქართველოს დელეგაციის წევრებს აღარ ექნებათ უფლება იყვნენ PACE-ს რამდენიმე კომიტეტის, მათ შორის არჩევნების სადამკვირვებლო კომიტეტის წევრები. ისინი ასევე ვერ დაინიშნებიან მომხსენებლენად და არც ასამბლეის პრეზიდენტობის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან ვიცე-თავმჯდომარეობის კანდიდატობის უფლება ექნებათ. ამასთან, შეჩერებულია მათი უფლება წარმოადგინონ ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოებში, ასევე უფლება წარმოადგინონ ასამბლეა პერიოდულად ევროპის საბჭოს ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებსა და კონფერენციებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში“, – უთხრა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს რეზოლუციის მიღების შემდეგ. „მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს“.
„საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად, ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს“, – დასძინა წულუკიანმა.
მოგვიანებით იმავე თემაზე ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროპული ბიუროკრატია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია“, რაც, მისი თქმით, ასამბლეის „აბსურდული“ გადაწყვეტილებითაც დასტურდება. ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ საქართველო რჩება ევროპის საბჭოს წევრად, მან გაიხსენა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს ცოტა ხნის წინანდელი სადავო ვიზიტი საქართველოში და აღნიშნა: „ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები თავის დროზე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, როცა ის იყო ჩამობრძანებული საქართველოში, კონკრეტულ საკითხებზე შევთანხმდით და რა თქმა უნდა, ამ თემებზე განვაგრძობთ მუშაობას ევროსაბჭოს ფორმატში“.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/01/2025 – PACE-ში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა
- 25/01/2025 – ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ვიზიტისას პოლიციის სისასტიკესა და რეპრესიულ კანონებს გმობს
- 20/12/2024 – ალან ბერსე: „ქართულმა ოცნებამ“ უცხოელი აგენტების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის პირობა დადო
- 20/12/2024 – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს სტუმრობს
- 05/01/2025 – ოპოზიცია PACE-ს მოუწოდებს, არ აღიაროს ქართული ოცნების დელეგატების საპარლამენტო მანდატები
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)