skip to content
ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მხოლოდ მისი კანდიდატურა დაასახელა.

„პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „იგი არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება“. ივანიშვილმა ასევე განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას… ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება  არა უცხოური ძალის, არამედ, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში“.

„ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ ყაველაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ამდენად, არანაირი მოლოდინი აღარ არსებობს, რომ მის გარდა სხვა ვინმე გახდება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი.

ყაველაშვილმა წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრებს. „რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენდა სამწუხაროდ მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას“, – განაცხადა ყაველაშვილმა და დასძინა, რომ მისი პრიორიტეტი იქნება „კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი“.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. პარლიამენტის ვებგვერდზე მისი განათლების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

2016 წლიდან ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატია მეცხრე, მეათე და მიმდინარე მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში. 2022 წელს ყაველაშვილმა და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებმა ცალკე საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის ძალა“ შექმნეს, რომელიც ანტიდასავლური ჯგუფია და მხოლოდ ფორმალურად ჩამოშორდა „ქართულ ოცნებას“. რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის ინიციატორი სწორედ „ხალხის ძალა“ იყო.

„ქართული ოცნება“ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას 14 დეკემბერს გეგმავს, რადგან მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა იწურება. ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ პარლამენტის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების წევრები, და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიციამ უარი თქვა გაყალბებული არჩევნების შედეგად შექმნილ პარლამენტში შესვლაზე და მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგა, რადგან პრეზიდენტი ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს  ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს, პრეზიდენტს, როგორც ჩანს, მხოლოდ მმართველი პარტია აირჩევს. სხვა კანდიდატი არ დასახელებულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button