skip to content
ახალი ამბები

ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ბრიტანეთს ივანიშვილზე სანქციების „დაუყონებლივ“ დაწესებისკენ მოუწოდებენ

30 იანვარს გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლერი მოუწოდებენ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის, სასწრაფოდ დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და ოფიციალურად შეაჩეროს დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან.

ამ ინიციატივას წინ უძღოდა შეერთებული შტატების 2024 წლის დეკემბრის გადაწყვეტილება ივანიშვილზე სანქციების დაწესების შესახებ. კანონმდებლები ხაზს უსვამენ, რომ გაერთიანებული სამეფოს სანქციებმა „შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა იქონიოს“ იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილი და მისი თანამოაზრეები, გავრცელებული ინფორმაციით, „სოლიდურ აქტივებს ფლობენ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიების მეშვეობით”.

წერილში ხაზგასმულია შეშფოთება „ივანიშვილის მთავარი პროპაგანდისტული მედია საშუალების, ტელეკომპანია „იმედის“ შესახებ და აღნიშნულია, რომ ის დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით იმართება.

წერილში, რომელიც ივანიშვილს „ოლიგარქიულ მჩაგვრელად“ მოიხსენიებს, ხაზგასმულია, რომ მისმა პარტიამ „მთელ ერს წაართვა დემოკრატიული უფლებები და ხელს უწყობს საქართველოს სვლას პუტინის ჯიბისკენ“. უილსონი და მაკკლერი გამოხატავენ შეშფოთებას „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის“ გამო და „ოპოზიციური ხმების ძალადობრივ ჩახშობასა და ჟურნალისტების დევნაზე“ ამახვილებენ ყურადღებას.

წერილის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ „ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ გამოწვევას სჭირდება ერთიანი, ტრანსატლანტიკური და მრავალპარტიული პასუხი“. ხაზს უსვამენ რა ივანიშშვილზე აშშ-ის მიერ 2024 წლის დეკემბერში დაწესებულ სანქციებს, წერილის ავტორები აცხადებენ, რომ „ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და დემოკრატიის პატივისცემის სულისკვეთებით, დიდმა ბრიტანეთმაც იგივე ნაბიჯი უნდა გადადგას“.

კანონმდებლები პარალელებს ავლებენ დიდი ბრიტანეთის რეაგირებასთან უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და მოუწოდებენ ბრიტანეთს, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს „საერთაშორისო სამართლის დაცვაში“ და შეინარჩუნოს მშვიდობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში თავისი, როგორც “გლობალური ლიდერის” პოზიცია.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button