კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ, რომელმაც 11 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარს“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, დღეს ტელეკომპანია ამავე მიზეზის გამო 5 000 ლარით დააჯარიმა.
ტელეკომპანია „მთავარი“ აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
რეკლამის განუთავსებლობის მიზეზად „მთავარმა არხმა”ის დაასახელა, რომ აღნიშნული რეკლამის განთავსება, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას.
არხმა კონკრეტულად მიუთითა ვიდეოდან ორ კადრზე: ერთ კადრში სსო-ების წარმომადგენლები შავ ფერში არიან გამოსახული, რომლებზეც წითლად არის დაწერილი სიტყვები: „არა! მორალურ დეგრადაციას“; მეორე კადრში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე შავად არიან გამოსახული სისხლის ლაქებით და ისევ წითელი წარწერით: „არა! ბნელ წარსულს“ (იხილეთ კადრები აქ).
„მთავარის“ ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამა არის „სადავო“ და „ეწინააღმდეგება კანონს“, რადგან „სამიზნედ არიან ამოღებული მოქალაქეები, კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური სუბიექტები, არც ცესკო-ში რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტები, არ იღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას“.
მან აღნიშნა, რომ კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის ისეთი რეკლამა, რომელიც თავად პოლიტიკური სუბიექტის, ანუ პარტიის ხელშემწყობია, ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის ხელშემშლელი, ხოლო „ქართული ოცნების დაჟინებული მოთხოვნაა ამ ადამიანების წინააღმდეგ იყოს ეს გზავნილი, ისინი არიან წარმოჩენილნი, როგორც საზოგადოების მორალური გადამგვარებლები, ამის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიამ ჩათვალა, რომ ასეთი კლიპი უნდა განთავსდეს ეთერში“.
ტელეკომპანიის თქმით, რეკლამა არც ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „პირველმა“ განათავსეს და ამიტომ მოსალოდნელია, რომ კომუნიკაციების კომისია მათაც დააჯარიმებს.
განახლება: დღესვე, მოგვიანებით, კომუნიკაციების კომისიამ პრესრელიზი გამოაქვეყნა რამდენიმე ტელეარხთან, მათ შორის „მთავართან“ დაკავშირებით გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე. პრესრელიზში, რომელიც პარტიების საარჩევნო რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფას ეხება, სადაც ნათქვამია, რომ მართალია კომისიამ ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, ის სასამართლოს მაუწყებლების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს. „საქმის პრეცედენტულობიდან გამომდინარე კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლები არ უნდა დაჯარიმდნენ“, – აცხადებს კომისია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)