ახალი ამბები

ნიკა გვარამიამ „მთავარ არხში“ თანამდებობა და წილები დათმო

ოპოზიციური „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დღეს დაადასტურა, რომ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა და 12%-იანი წილი დათმო.

გიორგი გაბუნია, რომელიც 2022 წელს გვარამიას დაპატიმრების შემდეგ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობებს ასრულებდა, არხის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გენერალური დირექტორის გარდა, ტელეკომპანიას ორი დირექტორი ეყოლება – გიორგი ქურდაძე და მანუჩარ ახალაია.

გვარამიას თქმით, ტელეკომპანიაში მისი 12%-იანი წილი თავის მეუღლეს, სოფო ლილუაშვილს გადაეცემა. გვარამიამ განმარტა, რომ ტელეკომპანიაში წილის ფლობა არ არის  თავსებადი პარტიულ თანამდებობასთან, რომელსაც ის უახლოეს დღეებში დაიკავებს.  

ცოტა ხნის წინ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას და საკუთარი პარტიის შექმნას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, გვარამია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსში მიიღებს მონაწილეობას.  

2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

2023 წლის 22 ივნისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button