skip to content
ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციის ორი მონაწილე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 იანვარს აქციის ორი მონაწილე, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პატიმრობაში დატოვა.

ორივე მათგანს ბრალად ედება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლა და შსს-ს წყლის ჭავლის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება. მათ ბრალი პოლიციელზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ვიდეომასალაში ლომიძესა და ზასოხაშვილის დანაშაულში მონაწილეობის იდენტიფიცირება შეუძლებელია. ერთ-ერთმა ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე შეგროვებული მტკიცებულებები არანაირ კავშირშია იმ დანაშაულთან, რომელშიც მათ ბრალი ედებათ. თუმცა, მოსამართლე ხუჯაძემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ისინი პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

ლომიძისა და ზასოხაშვილის საქმის შემდეგი მოსმენა 4 თებერვალს ჩაინიშნა.

მიმდინარე საპროტესტო აქციები, რასაც წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე, უკვე 55 დღეა გრძელდება. აქციების დროს ბევრი მომიტინგე დააკავეს, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის (50-ზე მეტი) ბრალდებით. საეჭვო მტკიცებულებების მიუხედავად დაკავებული აქტივისტების ციხეში დატოვების პრაქტიკა უფლებადამცველთა ჯგუფებმა გააკრიტიკეს, რომლებიც ყველა ასეთ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button