
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად ვაშინგტონში იმყოფება
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც 20 იანვარს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო მდივნის კანდიდატს მარკო რუბიოს და თავდაცვის მდივნის კანდიდატს პიტ ჰეგსეთს შეხვდა. იგი ასევე შეხვდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ვიცე-პრეზიდენტს სკოტ მასტიკს. როგორც მოსალოდნელია, ცერემონიას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაესწრებიან.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პოლიტიკურ გამოწვევებსა და იმ მოთხოვნებს, რომლებიც მისაღები იქნება „საზოგადოებისთვის, ახალი ძალებისთვის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის“.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ასევე მიიღებს მონაწილეობას 21 იანვარს ატლანტიკურ საბჭოში დაგეგმილ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ გამოწვევებსა და რეგიონში რუსეთის მავნე გავლენას შეეხება.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მთავარი გზავნილი, რომელიც მას ვაშინგტონში ჩააქვს არის ის, რომ საქართველოში არსებული რეჟიმი არ შეიძლება იყოს ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი. მისი თქმით, „ეს მხოლოდ უკვე არჩევნების საკითხიც აღარაა“, არამედ საუბარია რეჟიმზე, რომელიც „გამოვიდა კონსტიტუციიდან და აღარ აქვს არც ერთი ნიშანი დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის“.
შეხვედრა IRI-ის ხელმძღვანელობასთან
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი IRI-ს ვიცე-პრეზიდენტს სკოტ მასტიკს და ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა ქვეყნის პოლიტიკურ გამოწვევებზე სასაუბროდ. შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ IRI „არის საქართველოს საზოგადოებრივი ძალების და პოლიტიკური პარტიების დიდი მხარდამჭერი. ისინი მზად არიან, რომ დაგვეხმარნონ ახალი არჩევნების ჩატარებაში“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუყონებლივ მოქმედებაა საჭირო ახალი არჩევნებისთვის მოსამზადებლად და ამას „მოკლევადიანი გეგმა“ უწოდა, რომელიც მოიცავს საზოგადოების, ახალი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის მისაღები მოთხოვნების განსაზღვრას.

ზურაბიშვილი წინასაინაუგურაციო ღონისძიებას დაესწრო
სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ უმცროსის მასპინძლობით წინასაინაუგურაციო ღონისძიებას დაესწრო, სადაც ხანმოკლე შეხვედრები გამართა თავად მასპინძელთან, ასევე სახელმწიფო მდივნისა და თავდაცვის მდივნის კანდიდატებთან.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ უმცროსს წარვუდგინე. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მსოფლიოში უამრავი სიკეთის გასაკეთებლად მუშაობენ“, – დაწერა ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა X-ზე.
ზურაბიშვილი მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა. „მოხარული ვარ, რომ ორი დიდი პატრიოტი – პრეზიდენტი ზურაბიშვილი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შევახვედრე ერთმანეთს, რათა დავიცვათ აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობა და დავამარცხოთ ივანიშვილის ტირანული რეჟიმი“, – წერს ჯო უილსონი X-ზე.
ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი ასევე შეხვდა პიტ ჰეგსეთს, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზეა წარდგენილი. შეხვედრის თაობაზე ჯო უილსონმა X-ზე დაწერა: „მშვიდობა ძალის მეშვეობით ბრუნდება“.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 01/01/2025 – საახალწლო მიმართვაში სალომე ზურაბიშვილი ერთიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს
- 29/12/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი: მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა
- 19/12/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი: რუსეთი საარჩევნო ომის სტრატეგიას იყენებს
- 18/12/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)