skip to content
ახალი ამბები

სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა „ტვ პირველის“ ოპერატორი გაიტაცეს

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი 18 თებერვალს თბილისში, უცნობმა ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს, რომლებსაც თვითმხილველების თქმით, პოლიციის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჰქონდათ და სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ. თვითმხილველის ქეთი წულუკიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ათამდე ნიღბიანმა პირმა ჯიოშვილი ძალით ჩასვა მანქანაში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. იგი პატიმრობაში რჩება.

თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში ისმის, რომ ჯიოშვილი დაკავებისას ამბობს: „რაღაცას მიდებენ ჯიბეში“. მისი ადგილსამყოფელი დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე იტყობინება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მალავს.

ინციდენტი რუსთაველის გამზირზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის 69 წლის იუბილეზე გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მოხდა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „ცეცხლი ოლიგარქიას“, შავი ბუშტები გაუშვეს და ივანიშვილის ფოტოები დაწვეს. საპროტესტო აქციაში ჯიოშვილმაც მიიღო მონაწილეობა.

ჯიოშვილის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, დაკავება არაერთი პროცედურული დარღვევით მოხდა, მათ შორის მას უფლებები არ გააცნეს, პოლიციის სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა, რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ, არ დაარეკინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან, მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა. მისივე თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში, რომ სამართალდამცავების მიერ ლაშა ჯიოშვილის მისამართით იყო მუქარა, ხოლო დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა. მან ფეისბუქზე ჯიოშვილის წერილი ატვირთა, სადაც წერი: „მეგობრებო, პირველ რიგში, მადლობა. შედეგი მიღწეულია, „ბატონი“ [ბიძინა ივანიშვილი] თავის დაბადების დღეზე შევაწუხეთ“.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ დაგმო ჯიოშვილის „უკანონო და ძალადობრივი დაკავება“ და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. კოალიციამ აღნიშნა, რომ 2024 წლის ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი საპროტესტო აქციებიდან დღემდე მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასზე მეტი თავდასხმის, ძალადობის, მუქარისა თუ უკანონოდ საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი დაფიქსირდა. „არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, არც ერთი მოძალადე არ არის იდენტიფიცირებული და კანონმდებლობის შესაბამისად დასჯილი. ეს კი “ქართული ოცნების” მხრიდან საკუთარი მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ორგანიზებულ ძალადობრივ კამპანიაზე მიუთითებს“, – აცხადებს კოალიცია.

ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები და ე.წ. „კაცები შავებში“ თავს ესხმოდნენ ქუჩებში მომიტინგეებსა და მოქალაქეებს. „ქართული ოცნების“ პარლამენტში ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატს ჯიოშვილის ინციდენტზე კომენტარი სთხოვეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ განაცხადა, რომ თუ ადამიანი ნიღბიანია, ის ავტომატურად სამართალდამცავია. მისი თქმით, სწორედ ამიტომ მიიღეს კანონი, რომლითაც მოქალაქეებს ნიღბების ტარება ეკრძალებათ.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა: „უნდა ჰკითხოთ, პოლიციელები არიან თუ არა და გაგცემენ პასუხს. თუ აღმოჩნდებით გატაცებული, მერე მოითხოვეთ 112-ში დარეკვა, დაგარეკინებენ და გაგათავისუფლებენ“.

კითხვაზე, თუ როგორც უნდა განასხვავონ გატაცება და პოლიციის მიერ დაკავება, „ქართული ოცნების“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უპასუხა: „გარჩევა როგორ ხდება, სად აღმოჩნდება, თუ აღმოჩნდება სასაფლაოზე, სადაც კლავენ, როგორც თქვენები [გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას] კლავდნენ, და თუ აღმოჩნდება დაკავების ადგილას, სადაც გამოძიების შესაბამისი პროცედურები ტარდება“.  

This post is also available in: English Русский

Back to top button