skip to content
ახალი ამბები

გახარია: ჩემზე თავდასხმა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება იყო

ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, რომელსაც 15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ, განაცხადა, რომ მასზე თავდასხმა „წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი“ იყო, მას „პოლიტიკური შურისძიების სახე“ ჰქონდა, ხოლო მისი „დამკვეთიც და ავტორიც გახლდათ ბიძინა ივანიშვილი“. 

24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ივანიშვილი მას და მის ოჯახს „სხვადასხვა ფორმით“ დიდი ხანია ემუქრება, მათ შორის საჯაროდ. მისი თქმით, მას საქმე არ აქვს ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლებთან, არამედ „მე საქმე მაქვს მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან ჩვენს ქვეყანაში, ადამიანთან, რომელიც ძალადობს საქართველოს რიგით მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე და ძალადობს ჩვენს ქვეყანაზე და საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან დღეს საქართველოში“.

გახარიამ ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილისთვის, რომელმაც დღეს ქვეყანა „მძევლად ჰყავს აყვანილი“, ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია ფული და ძალაუფლება. „ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაკარგოს ფულიც და დაკარგოს ძალაუფლებაც“. „მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები ყოველდღიურად თქვენთან ერთად და წინა ხაზზე“, – დასძინა მან.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ არ სჯერა საქმის ოფიციალური გამოძიების. მისი თქმით, მასზე თავდასხმა ერთმა ადამიანმა გადაიღო, სავარაუდოდ მიზანმიმართულად, რადგან მისი თქმით, სწორედ ეს კადრები მოხვდა ხელისუფლების მხარდამჭერი მედიის ხელში, რომელმაც დაამონტაჟა ის, რათა ბრალი გახარიაზე დაედო. იმავდროულად, გახარიას თქმით, სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ მენეჯმენტზე ზეწოლა განხორციელდა, რათა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაენადგურებინა. თუმცა, გახარიას თქმით, „ჩვენ გვაქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად დაადგენს, ვინ მონაწილეობდა ამ თავდასხმაში, როგორ იყო ეს ორგანიზებული, ვის მიერ იყო დაგეგმილი, ვის მიერ იყო შეკვეთილი“.

ბრიფინგის დასასრულს მან კვლავ პირობა დადო: „ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან დაკარგოს თავისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება“.

გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე. თავდასხმაში „ქართული ოცნების“ კიდევ რამდენიმე დეპუტატი მონაწილეობდა.

გახარია, რომელიც ამჟამად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია, 2019-2021 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში.  

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განსაკუთრებით გააკრიტიკა გახარია და მას „გარეწარი“ უწოდა, ხოლო მისი გუნდის წევრებს გასამართლებას დაპირდა, რადგანაც მის გვერდით დგომისთვის „მკაცრ სასჯელს იმსახურებენ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button