skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირებას ადგილობრივი და საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა 27 დეკემბერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს  სანქციები დაუწესა.

„სამოქალაქო საქართველო“ ივანიშვილის დასანქცირების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე ადგილობრივ და საერთაშორისო გამოხმაურებებს გთავაზობთ:

ადგილობრივი გამოხმაურებები

მმართველი გუნდი

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი: „ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში თითქმის ფორმალური სანქციებით. ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, არ ვიცი. სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა. დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო – ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ, საკვანძო ინტერესებს, ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე-ფაქტო სანქციები და ახლა უკვე, საბოლოო ჯამში, მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა“.

პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა, რეალურად არაფერი შეცვლილა, მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული. სამი წელი, უბრალოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. ახლა უკვე აამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია. არაფერი განსაკუთრებული, რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“.

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის, ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება, მათ კი უცხოელების, ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები“.

ოპოზიცია

გიორგი ვაშაძე, კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“: „ხალხის ბრძოლას თავის შედეგი აქვს. მთელი მსოფლიო ხედავს ქართველი ხალხის პროტესტს და ეს სერიოზული წარმატებაა ამ პროტესტის… ამიტომაც, მივესალმები ამ ნაბიჯს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ვფიქრობ, რომ გამარჯვებამდე სწრაფად მივდივართ და ვიზეიმებთ საქართველოს ივანიშვილის გარეშე, რომელიც ქაოსისა და უბედურების მომტანია ამ ქვეყანაში”.

ნიკა მელია, „კოალიცია ცვლილებისთვის“: „ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომლისთვისაც ფული არის მისი პოლიტიკური, სოციალური თუ ფიზიკური არსებობის გარანტია, არსი და საზრისი. მას თუ რამის ეშინია, ფინანსურ რესურსზე წვდომის დაკარგვაა; თუ რამით იცის მართვა, ფულია; თუ რამეს გადააყოლა ყველა და ყველაფერი, მათ შორის ქვეყანა, შვეიცარიაში გაყინული აქტივია. ყველას, ხელქვეითს, სხვადასხვა გზებით გამოჭერილს თუ მხარდამჭერს, არწმუნებდნენ, რომ „დაალაგებს”. ვერ დაალაგა! კარგავს იმას, რაც მისთვის ყველაფერია – ფულს!“

გიორგი გახარია, „გახარია საქართველოსთვის“: საბოლოო ჯამში ეს არაფერს არ ნიშნავს იმ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. აქ არაფერი სასიხარულო და საჟრიამულო არ არის. ჯერ ერთმნიშვნელოვნად გაუგებარია, ამით როგორ შეიცვლება რეჟიმის ქმედებები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ახლა პროცესებს. სამწუხაროა და ტრაგიკულია, როდესაც ქვეყნისთვის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი დასანქცირებულია აშშ-ის მიერ. შესაბამისად მთელი ეს პოლიტიკური ბოლი, რომელსაც აყენებდნენ არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ, რომ ისინი ღირსებით მიდიოდნენ ევროკავშირში და 20 იანვრიდან დაალაგებდნენ ურთიერთობებს ყველასთან და ყველაფერთან, ეს ყველაფერი უკვე გაშიშვლდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს ჯერჯერობით. სამუშაო იქნება კიდევ ბევრი, ეჭვი მაქვს, რომ კიდევ უფრო მძიმე იმიტომ, რომ არ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ივანიშვილისთვის. უფრო მეტსაც გეტყვით, გარკვეულ წილად ამისთვის მზადაც გახლდათ“.

საერთაშორისო გამოხმაურებები

აშშ-ის ჰელსინკის კომისია: „წლებია, ჰელსინკის კომისიის ორივე პარტიის წევრებს განგაში აქვთ ატეხილი ბიძინა ივანიშვილის კორუფციისა და ქართული დემოკრატიის საბოტირების, მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივად დარბევის და ევროატლანტიკური გზიდან საქართველოს ჩამოშორების კოორდინირებული მცდელობების გამო. დღეს ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს წაყვანაში მისი წამყვანი როლის გამო. ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას, რომელიც იბრძვის, რომ ქვეყანა ივანიშვილის ტირანიისგან გადაარჩინოს“.

ამერიკელი  კონგრესმენი ჯო უილსონი: „მივესალმები დიქტატორობის რიგში მდგომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას. ივანიშვილს სძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.

სენატორი ტომ ტილისი: „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მცდელობა, დაარღვიოს საქართველოს მოქალაქეების ნება და აქციოს იგი მარიონეტულ სახელმწიფოდ, უკიდურესად შემაშფოთებელია. პუტინი და სი ძინპინი ცდილობენ გაავრცელონ თავიანთი მავნე გავლენა და გაანადგურონ დემოკრატია ერთი ქვეყნიდან მეორეში“.

კესტუტის ბუდრისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: „„როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილს აშშ-მა სანქციები დაუწესა. მივესალმები აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ის უკვე არის ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და უკრაინის ეროვნული სანქციების სიაში. დადგა დრო, იგივე ნაბიჯი ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა ქვეყნებმა გადადგან. ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდით დგას“.

მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „დადგა დრო, რომ ივანიშვილმა საქართველოში დემოკრატიული პროცესების შელახვისთვის პასუხი აგოს. ესტონეთმა მას და 27 სხვა პირს სანქციები დაუწესა საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის გზით ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო. მოხარული ვარ, როცა ვხედავ, რომ სხვებიც იგივეს აკეთებენ“.

რიჰარდს კოლსი, ევროპარლამენტარი: „აშშ-მა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის მარიონეტი საქართველოში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის ღალატისთვის. ევროკავშირმაც იგივე უნდა გააკეთოს (რისკენაც მას ევროპარლამენტმა მოუწოდა), რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხსა და მათ ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებში“.

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი: „ჩვენს რეგიონში ნებისმიერი ქვეყნის დაკარგვა, თუნდაც ერთი ერის დემოკრატიის განადგურება და კრიმინალური რუსული გავლენის გავრცელება საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს და მის ყველა ხალხს… უკრაინამ უკვე განახორციელა ივანიშვილისა და მისი მაფიოზური ჯგუფის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ მთელი რიგი სანქციები. ახლა კიდევ ერთი გადამწყვეტი ქმედება – ამერიკის ძლიერი სანქციები. მოვუწოდებთ ყველა ევროპელ პარტნიორს და ყველა გლობალურ პარტნიორს, რომლებიც აფასებენ ნორმალურ ცხოვრებას და ერების თავისუფლებას, მსგავსი სანქციები დაუწესონ ივანიშვილს, რათა მან გაიგოს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის განადგურებისა და ქართველი ხალხის დამცირების ფასი“.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button