skip to content
ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელები არსებით განხილვაში არ მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 3 დეკემბერს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მან არსებით განხილვაში არ მიიღო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და 30 ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატის სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურობას ეჭვქვეშ აყენებდა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს 19 ნოემბერს მიმართა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევის გამო. პრეზიდენტი საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდა.

ყოფილი პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა არჩევნებთან დაკავშირებით ასევე შეიტანეს სარჩელი. საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ორივე სარჩელს ერთად განიხილავდა. მას გადაწყვეტილების გამოსატანად 30 დღე ჰქონდა.

პლენუმის შემადგენლობაში შედიოდნენ მოსამართლეები მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი და თეიმურაზ ტუღუში.

ორი განსხვავებული აზრი გამოაქვეყნეს მოსამართლეებმა გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრიფინგზე შეაფასა და განაცხადა, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა. მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა შანსი, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო იმ სიტუაციაში, სადაც „არჩევნებამდე ვიყავით, რაც საწყისია მთელი ამ არალეგიტიმური, ერთმანეთზე გადაბმული მოვლენებისა, მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს“.

„კითხვა ისმოდა, რატომ შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, თუ უკვე ვიცოდით რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა და ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი, რამეთუ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „იმედი თუ ნდობა იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას, იყო მცირე, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის არსებობს ადამიანების იმედი, მითუმეტეს ამ ქვეყანაში, სადაც  ადამიანებმა არაერთხელ გამოაჩინეს შინაგანი ძალა, რომლითაც შეიძლება გადაუდგე  მოვლენებს  და დადგე როგორც პიროვნება“.

მან ასევე განაცხადა, რომ „დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და დახიეს მთლიანად“.

„ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ… ჩემი პასუხისმგებლობა არის, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას“, – დასძინა პრეზიდენტმა.

შენიშვნა: მასალა განახლდა 3 დეკემბერს 19:31 საათზე და მას პრეზიდენტის კომენტარი დაემატა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button