
საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ირაკლი კობახიძე ბიზნესლიდერებს შეხვდა
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესლიდერებს, მათ შორის ბიზნესპლატფორმის „თავისუფალი“ ხელმომწერებს შეხვდა, სადაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და მისი დაძლევის გზები განიხილეს. შეხვედრამ, რომელიც ოთხ საათს გაგრძელდა, ხაზი გაუსვა ბიზნესსაზოგადოებაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას არსებული სიტუაციის შეფასების საქმეში. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის მიერ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება ცხადყოფს, რომ შეხვედრა მთავრობამ ბიზნეს საზოგადოების დასამშვიდებლად დაგეგმა.
15 დეკემბერს დაარსებულმა ბიზნესპლატფორმამ 2 200-ზე მეტი კომპანიის მხარდაჭერა მოიპოვა. ჯგუფი აცხადებს, რომ ქვეყნის გადახვევა ევროკავშირის მხარდამჭერი ტრაექტორიიდან საფრთხეს უქმნის ბიზნეს სექტორს და უფრო ფართო ეკონომიკას. თუმცა, ბიზნეს ლიდერებს შორის მოსაზრებები განსხვავებულია.
„სამოქალაქო საქართველო“ გთავაზობთ ბიზნესის წარმომადგენლების გამოხმაურებებს:
შეხვედრამდე გაკეთებული კომენტარები
„VR ჰოლდინგის” დამფუძნებელი, ნოშრევან ნამორაძე ბოლო ათწლეულის სტაბილურობას მიესალმა და უკრაინაში არსებულ ვითარებასთან გაავლო პარალელი. მან ჰკითხა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა დაუსვა, სურდა თუ არა მას, რაც უკრაინაში ხდება, საქართველოშიც ხდებოდეს და თავადვე უპასუხა: „არ გამოგივა“. მან ასევე დასძინა: „12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არც ომში ხარ და არც უკრაინის სიტუაცია არ გვაქვს“.
TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ ქვეყანაში სიმშვიდესა და სტაბილურობას დაუჭირა მხარი. „ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს – ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას“. მისი თქმით, თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ასე გაგრძელდა, იანვარ-თებერვალში ბიზნესზე აუცილებლად აისახება.
„არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ დე-ესკალაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე აღნიშნა, რომ „ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია. ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება. მოვუსმენთ და ალბათ, მათგანაც მივიღებთ პასუხს“.
ბიზნესმენმა, ირაკლი იაშვილმა განაცხადა, რომ ლარის კურსზე მიმდინარეობს შეტევა. „ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ? – ეს ნალოლიავები, 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა – ჩამოვაქციოთ ლარი – მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ.“, – განაცხადა მან. „ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა თავის საქმეს უნდა მიხედოს, ოღონდ ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი“.
„თბილღვინოს“ დამფუძნებლის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2 200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი კრიზიდან გამოსვლის გზას, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებაში და ხელახალ არჩევნებში ხედავს. „ჩვენ 2 200-ზე მეტმა ბიზნესს წარმომადგენელმა, ჩვენი განცხადება საჯარო სივრცეში გავაკეთეთ. ჩვენი გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ, ეს არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„ნუტრიმაქსის“ მმართველმა პარტნიორმა, ბექა ბექაიამ განაცხადა, რომ კობახიძესთან შეხვედრაზე ელის გამოსავალს, თუ როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია. მისივე თქმით, ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია და გარკვეული სექტორები პრობლემის ქვეშ არიან.
შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარები
ბესო ორთოიძე, „არსის“ გენერალური დირექტორი: „პოზიციები მთავრობის მხრიდან არის იგივე, რასაც საჯაროდ აფიქსირებენ. რამე განსხვავება არ ყოფილა, უბრალოდ უფრო მეტ დეტალზე იყო საუბარი“. მან დაადასტუყრა, რომ შეხვედრაზე ახალი არჩევნების საკითხიც განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილმა, „თვილღვინოს“ დამფუძნებელმა, განაცხადა, რომ ბევრი მის მოსაზრებებს არ იზიარებდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელთაც გამოხატეს მოსაზრებები არაპროპორციული ძალის გამოყენების და დაკავებულთა არასათანადო მოპყრობის შესახებ. „გამოითქვა ინიციატივა, რომ გაგრძელდეს ეს შეხვედრები, განსაკუთრებით იმ ჯგუფებთან, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი არსებული მოვლენების მიმართ“, – აღნიშნა მან.
თეა ზაქარაძე, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა: „ყველა ის საკითხი, რაც არის დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, იყო განხილული და ყველა ჩვენს კითხვაზე მივიღეთ ამომწურავი პასუხი. პრემიერი შეგვპირდა, რომ უმოკლეს ვადებში აუცილებლად გადაიდგება ნაბიჯები, რომ ეს ყველაფერი მორჩეს, რაც ძალიან ვნებს ბიზნესს. ახალ არჩევნებზე არ ყოფილა საუბარი. პოზიცია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით არ ყოფილა და პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან დეტალურად გავიარეთ ყველა ნიუანსი… ვისაუბრეთ ამაზე და [პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა], რომ ახალ წლამდე ყველა პატიმარი გათავისუფლდება“.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადება
„ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბიზნესის წარმომადგენლებთან დიალოგი იყო „ძალიან საინტერესო“ და მოისმინეს როგორც ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერების, ასევე მის მიმართ კითხვების მქონეთა მოსაზრებები. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა კითხვას გაეცა პასუხი და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მთავრობის კურსის შესახებ დისკუსიებს, რა დროსაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ერთგული დარჩებიან „ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში“ სვლის კურსის მიმართ.
„შევეხეთ მიმდინარე პროცესებს, უკიდურეს პოლარიზაციას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და იმ გამოწვევებს, რომელიც სტაბილურობასთან დაკავშირებით დღეს ჩვენს ქვეყანაში არის. რა თქმა უნდა, როგორც ბიზნესს, ისე საზოგადოების ყველა ჯგუფს სურს სიმშვიდე და სურს კეთილდღეობა ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკურ პლატფორმაზეა ჩვენი საზოგადოების თუ ბიზნესის სხვადასხვა ჯგუფი, ვფიქრობ, რომ სურვილი ყველას ერთი აქვს, ამ ქვეყანაში იყოს მეტი კეთილდღეობა, სტაბილური და პროგნოზირებადი განვითარების გარემო“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ გადაწყდა მეტი შეხვედრების გამართვა იმ ბიზნესმენებთან, რომელთაც „განსხვავებული აზრები“ ჰქონდათ, იმისთვის, რომ „მათ მიიღონ განმარტებები იმ პოლიტიკაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხორციელდება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)