skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე გაფართოების საკითხებში მომავალი ევროკომისარი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე საუბრობს 

გაფართოების საკითხებში მომავალი ევროკომისარი მარტა კოსი 7 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი კანდიდატურის განხილვისას, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ფონზე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივასაც შეეხო.

კითხვაზე, თუ რა მინიმალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ხელახლა გასააქტიურებლად და როგორ ხედავს ის ევროკავშირის მხარდაჭერას დემოკრატიული რეფორმების მიმართ შემდგომ წლებში, მომავალმა ევროკომისარმა განაცხადა, რომ მისი გზავნილი საქართველოს მოსახლეობის მიმართ არის ის, რომ „არ დაკარგოთ იმედი“. „ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ გაფართოების პროცესი. პირველი პირობა ის იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაგვანახოს, რომ მზად არის ამ გზით წავიდეს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, უცხოელი აგენტებისა და ანტი-ლგბტ კანონების გაუქმებას მოელის. მარტა კოსმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და რომ მან მოამზადა ფინანსური პაკეტი რეფორმებისა და “ასევე სამოქალაქო საზოგადოების” მხარდასაჭერად.

„სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლების ერთგვარი მეთვალყურეა, არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებში, არამედ წევრ ქვეყნებშიც“, – განაცხადა მომავალმა ევროკომისარმა და დასძინა, რომ საქართველოს შემთხვევაში, ის გეგმავს მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, „თუ რომელი ორგანიზაციები, რომელი პირები არიან საქართველოში დემოკრატიული განვითარების ყველაზე ძლიერი ხმა და შემდეგ ამაზე ვიმუშავებ“.

„ჯერ არაფერი გაკეთებულა და ჯერ არაფერი დასრულებულა“, – განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის დახმარების გაგრძელებას.

„ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ დემოკრატიული ძალების მხარდაჭერით და, შესაძლოა, ხელისუფლების მოქმედებითაც ისინი დაუბრუნდნენ ევროპულ გზას“, – განაცხადა მარტა კოსმა და გაიმეორა, რომ პირველი წინაპირობაა „იმ კანონების თავიდან მოშორება, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button