პარლამენტის თავმჯდომარემ ანტი-ლგბტ კანონს ხელი მოაწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 3 ოქტომბერს ხელი მოაწერა ანტი-ლგბტ კანონსს, რომლის ხელმოწერაზეც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი განაცხადა, თუმცა არც ვეტო დაადო მას.
პრეზიდენტის უარის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ჰომოფობიური და ტრანსფობიური კანონპროექტის თანაავტორია, ხუთი დღის ვადა ჰქონდა კანონის ხელმოწერისა და გამოქვეყნებისთვის. კანონი გამოქვეყნებიდან 60 დღის ვადაში შევა ძალაში, ანუ 26 ოქტომბრის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში.
პაპუაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „შემწყნარებლობა იყო, არის და იქნება ქართველი ხალხის გამორჩეული თვისება, უნდა გავაცნობიეროთ ისიც, რომ შემწყნარებლობა ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებულ თანაცხოვრებას გულისხმობს და არა ერთმანეთის ჯინაზე ცხოვრებას და სხვისი რწმენისა და ღირებულებების უგულებელყოფით სამოქალაქო მშვიდობის დარღვევას“. მისი თქმით, 2024 წლის 17 მაისს მილიონამდე საქართველოს მოქალაქე გამოვიდა საქართველოს ქალაქების ქუჩებში, რითაც შედგა „ფაქტობრივი რეფერენდუმი ამ კანონზე“.
„სიმბოლურია, რომ უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერი, რომლადაც იქცა მილევადი პრეზიდენტი, უარს ამბობს ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც იცავს ადამიანისათვის ყველაზე ღირებულს – ოჯახსა და ბავშვებს“, – წერს პაპუაშვილი. მისი თქმით, პრეზიდენტის უარიდან კარგად ჩანს, „სად დგას სალომე ზურაბიშვილი და სად დგანან მას ამოფარებული უსამშობლო ოპოზიციონერები, რომლებსაც იმდენი გამბედაობაც არ აღმოაჩნდათ, რომ ღიად გამოეხატათ აზრი ამ კანონთან დაკავშირებით და სამარცხვინოდ გაიპარნენ დარბაზიდან კანონზე კენჭისყრის დროს“.
მანამდე პრეზიდენტის თავშეკავებულობას კანონპროექტზე ვეტო დაედო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის დაებრუნებინა აქტივისტების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაგირება მოყვა. მართალია ზოგიერთი უკმაყოფილო იყო ამ გადაწყვეტილებით, სხვები მას ზურაბიშვილის გათვლებს მიაწერდნენ, რომ არ დაეშვა მმართველი პარტიისთვის ვეტოს დადების შედეგად ჰომოფობია არჩევნების წინა დღეებში მთავარ საკითხად ექცია.
ანტი-ლგბტ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ 17 სექტემბერს მიიღო, შედგება ძირითადი კანონპროექტისაგან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და 18 თანდართული ცვლილებისგან საქართველოს სხვადასხვა კანონში.
კანონმდებლობით დაუშვებელი იქნება ქორწინების „ალტერნატიული“ კავშირის დარეგისტრირება, ხოლო იმ პირებს, რომლებიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან, მარტოხელა ადამიანებს, თუ ეს ადამიანი არ არის ჰეტეროსექსუალი, ბავშვის აყვანის უფლება არ ექნებათ. ამასთან, აიკრძალება დოკუმენტებში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება, ასევე სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის ჩატარება ან სხვა სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება. დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში „ლგბტ პროპაგანდის“ წარმოება, ასევე საჯარო შეკრება, ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ იგი მოელის, რომ კანონის ხელმოწერა კრიტიკას გამოიწვევს „ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისაგან“, მაგრამ „ქართველებს არასდროს შეგვშინებია სხვათა შეფასებების, როდესაც ამას ჩვენი რწმენა, საღი აზრი და ქვეყნის ერთგულება გვავალდებულებდა და როდესაც ვხედავდით, რომ ცივილიზაციური დინებები არასწორ კალაპოტს ჭრიდნენ“.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/10/2024 – პრეზიდენტმა ანტი-ლგბტ კანონს ხელი არ მოაწერა
- 19/09/2024 – ანტი-ლგბტ კანონმდებლობის მიღების ფონზე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობას მწვავე პროტესტი მოყვა
- 17/09/2024 – პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონმდებლობა მესამე მოსმენით მიიღო
- 04/06/2024 – პარლამენტის თავმჯდომარემ ჰომოფობიური კანონმდებლობა წარმოადგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)