პრეზიდენტი 20 ოქტომბრის აქციის წინ მოქალაქეებს ამხნევებს
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი შეუერთდება 20 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას „საქართველო ირჩევს ევროპას“. მან მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ არ უნდა შეუშინდნენ დაშინებასა და მუქარას, შეუერთდნენ აქციას და ხმა მისცემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
19 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან „ის ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისა და ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობს იმით, რომ ის ოთხი მთავარი პარტია რჩება ქარტიის სრულიად ერთგული – ანუ იმ სამოქმედო გეგმის ერთგული, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში“
„ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, ხვალ ძალიან ბევრნი იქნებით. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს ძალიან დიდი დღეა და ჩვენი სტაბილურობაც ამაზეა დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდად გამოვიდეს ხალხი და აჩვენოს თავისი ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა: „ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, დავემშვიდობებით პოლარიზაციას, დავემშვიდობებით ერთმანეთის სიძულვილს, რადგან ის გზა, რომელზეც ვდგებით ახლა და რომელიც უალტერნატივოა, არის გზა განვითარების, მშვიდობის, განათლების გზაა, გზა, რომელმაც ჩვენ ყველანი უნდა გაგვაერთიანოს“.
„ვიცი, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ასევე ვიცი, რომ თქვენ მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა, ჭორი, ზეწოლა სხვადასხვა ფორმებით, მცდელობები დაგაჯერონ, რომ ყველაფერი გაყალბდება, დაგაჯერონ, რომ თქვენი ხმა იქ ვერ მივა, სადაც უნდა მივიდეს. თქვენ არაფრის არ უნდა გეშინოდეთ, რადგან თქვენ სწორ გზაზე ხართ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ჩვენ ამას მივაღწევთ იმ გზით, რომელიც ერთადერთი მშვიდობიანი გზაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, თავისი მომავლის არჩევანისთვის – ეს არის მშვიდობიანი არჩევნები“.
„ეს გამარჯვება ძალიან ნათელი, ეჭვგარეშე უნდა იყოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ გამოვიდნენ 20 ოქტომბერს ან 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს.
მშვიდობიანი მსვლელობა „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ 20 ოქტომბერს 19:00 საათზე დაიწყება. ხალხი 17:00 საათზე ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყებს შეკრებას და თავისუფლების მოედნისკენ დაიძრება, სადაც დაგეგმილია კონცერტი პოპულარული ქართველი მომღერლების მონაწილეობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)