ახალი ამბები

განათლების ახალი სტრატეგია ეროვნულ იდენტობაზე, ღირებულებებზე, პატრიოტიზმსა და ოჯახზე ამახვილებს ყურადღებას

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 12 დეკემბერს ზოგადი განათლების განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა და განაცხადა, რომ „ჩვენ არ გვინდა ახალი მოქალაქის შექმნა, ჩვენ გვინდა ადამიანი იყოს ქართველი, რომელიც დაეფუძნება ქართულ იდენტობას, გაიზრდება პატრიოტულ საწყისებზე, დააფასებს და ეცოდინება მისი კულტურა და ისტორია“.  

განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სტრატეგია 2004 წლის შემდეგ არ განახლებულა და რომ ცვლილებები 2024 წლის იანვრიდან შევა ძალაში.

პრეზენტაციაზე, რომელსაც მთავრობის და პარლამენტის წევრები, ასევე მასწავლებლები, უცხოელი დიპლომატები, საქართველოს საპატრიარქოსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვიდა სიტყვით. მან განაცხადა, რომ 2004 წელს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს გატარებული რეფორმები იყო მცდელობა, რომ „შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ქართველობა“. პრემიერ-მინისტრმა ნაციონალური მოძრაობა განათლების სისტემის დანგრევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 2004 წლის რეფორმები იყო ექსპერიმენტი ახალგაზრდობაზე.

ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება და განათლების მინისტრს აქვს „კარგად გააზრებული ხედვა“ მათ მოსაგვარებლად.

2004 წელს მიღებული „,ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ თანახმად,  საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ამასთან ერთად, განათლების სისტემა უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button