skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები მასწავლებლების პროტესტის თაობაზე განათლების სამინისტროს მიმართავენ

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 6 დეკემბერს განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს, თუ როგორ უნდა გახდეს სკოლის დირექტორების შერჩევის პროცესი უფრო სამართლიანი და ლეგიტიმური. განცხადება მასწავლებლების მიერ სამინისტროს წინ ოცდაოთხსაათიანი საპროტესტო აქციისა და შიმშილობის მეორე დღეს გავრცელდა.

ამჟამად, 1 200-მდე საჯარო სკოლას დირექტორების მოვალეობის შემსრულებლები უძღვებიან. საჯარო სკოლის დირექტორობის უფლება  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანების საფუძველზე  593 კანდიდატს მიენიჭა. სკოლის დირექტორების არჩევნები 927 სკოლაში ჩატარდა და მათ უმრავლესობაში სამინისტროს მიერ წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მსურველებიც იყვნენ. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ უკამყოფილება გამოიწვია როგორც დირექტორობის კანდიდატებში, ისე სკოლებსა და საგანმანათლებლო საზოგადოებაში. საჯარო სკოლის დირექტორთა არჩევნების პროცესის სამართლიანობასა და გამოკვეთილ სისტემურ ხარვეზებზე  საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა არაერთი განცხადება გააკეთეს, როგორც არჩევნების პროცესში, ასევე საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდგომ, და სამინისტროს დეტალური რეკომენდაციებიც მისცეს, რომლებიც არ იქნა გათვალისწინებული.  

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ განათლების სამინისტროს გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი იმ სკოლებში, სადაც სამეურვეო საბჭოსათვის არ იყო წარდგენილი დირექტორობის კანდიდატ(ებ)ი; შეიცვალოს სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესი და ამ სკოლებში ნებისმიერ სერტიფიცირებულ კანდიდატს მიეცეს მისთვის სასურველ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება.

რაც შეეხება იმ 162 კანდიდატს, რომელთაც სასერტიფიკატო წერითი გამოცდა ჩააბარეს, არასამთავრობოები მოუწოდებენ სამინისტროს მათთან ხელახალი გასაუბრება დაინიშნოს და გასაუბრების წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ამ პირებსაც მიეცეთ ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ასევე, უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები სერტიფიცირებულ დირექტორობის კანდიდატებთან და იმ სკოლებში, სადაც არ იქნება სერტიფიცირებული კანდიდატი, დისკრეციის უფლებით დაინიშნონ სერტიფიცირებული კანდიდატები. ასეთების არარსებობის შემთხვევაში, დისკრეციის უფლებამოსილების გამოყენება დასაბუთებული იყოს არგუმენტირებულად.

ორგანიზაციები მოუწოდებენ სამინისტროს, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც  დაკომპლექტებული იქნება მაღალი რეპუტაციის მქონე თემატური საზოგადოებრივი ორგანიზაციების, განათლების სპეციალისტების, სახალხო დამცველისა და სხვა შესაბამისი წარმომადგენლების მიერ და რომელიც უზრუნველყოფს სკოლის დირექტორობის შერჩევისა და არჩევის ახალი წესის შემუშავებას; სასერტიფიკატო გამოცდაჩაბარებული დირექტორობის მსურველებისთვის ჩაატარებს გასაუბრებას; შეიმუშავებს სტრატეგიას სკოლის დირექტორების მუდმივი  პროფესიული განვითარების სისტემის შესაქმნელად. ამასთან, კომისიის მიერ შექმნილი დოკუმენტების აღსრულების ვალდებულება საქართველობას მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა დაეკისროს.

„მოვუწოდებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმოკლეს ვადებში, გაითვალისწინოს აღნიშნული რეკომენდაციები და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა საფრთხე არ შეექმნას პროტესტში მონაწილე ადამიანთა ჯანმრთელობას და თავიდან ავირიდოთ სიტუაციის გაუარესება… ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ, გამოვთქვამთ მზაობას პროცესებში მონაწილეობისა და შუამავლობისათვის“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ განათლების კოალიცია; სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ღია სივრცე კავკასია (COS); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); მშობლები განათლებისთვის; საფარი; სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); შეხვედრის ადგილი დმანისი; თავისუფალი ასოციაცია; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); დემოკრატიის მცველები; სამოქალაქო განათლებისა და რეაბილიტაციის ცენტრი (CERC); ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს მომავლის აკადემია (GFA); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button