
„ქართული ოცნების“ ლიდერები: ბაიდენის მიერ პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმება „არასერიოზულია“ და ოპოზიციის სასარგებლოდ მოხდა
საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები აღშფოთებით გამოეხმაურნენ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას გაეროს გენერალური ასამბლეის ტრადიციული მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმების თაობაზე.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მოწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე და ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების, აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის შესახებ მზარდი წუხილებია“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ თბილისში.
„არასერიოზულია, 3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. „ეს იყო ერთგვარი ჰუმანიტარული აქტი ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ამას ვერც ოპოზიციისთვის ვერ ექნება. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ამ თემაზე გამიჭირდება“.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ეს არის პოლიტიკური დემარში – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადადგა ეს ნაბიჯი და მისი ინტერესი კიდევ ერთხელ გამოიხატა, რომ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს და მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული“.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, ესეც ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის. რაც შეხება ზოგადად ამ საქციელს, ვერანაირად ვერ შევაფასებთ. ერთი რამის თქმა შეიძლება, ამდენი წელია, ამერიკის ადმინისტრაცია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან მინიმუმ, ეს შეეძლოთ, წაეღოთ ქართველი ხალხისგან“.
„ჯერ იყო გამოგზავნილი მოწვევა, შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ როგორმე რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, სულს ღაფავს, ამ ქმედებებით, განცხადებებით დაეხმარონ და წაეშველონ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
გურამ მაჭარაშვილმა „ხალხის ძალიდან“ აღნიშნა, რომ „შესაძლებელია, აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტს არც ამ შეხვედრის დანიშვნა სცოდნოდა და არც გაუქმება. როგორც ჩანს, აქაც უცხოური ძალები მოქმედებენ“.
„უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს“, – დაწერა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შედარებით დიპლომატიური ტონი გამოიყენა: „ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „საქართველოს ხელისუფლება, როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას და მზაობას, ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ორმხრივ ფორმატში, აშშ-სა და საქართველოს შორის“.
იმავდროულად, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა ფოტო ბაიდენთან ერთად, რომელიც გასულ წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზეა გადაღებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)