ანტიკორუფციული ბიურო სსო-ებს „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ ცნობს და მათგან ფინანსურ ანგარიშებს მოითხოვს
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ცნობილ იქნა „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ და მათ ფინანსური ანგარიშების წარდგენა დაევალათ. ამ ორგანიზაციებს შორის არიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „აირჩიე ევროპა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, მისი აღმსარულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები […] ცნობილი იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 თავით გათვალისწინებული შეზღუდვები“, განაცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. ეს შეზღუდვები პოლიტიკურ პარტიებს ეხებათ და მათზე ანტი-კორუფციული ბიუროს მონიტორინგი ვრცელდება. ბიუროს გადაწყვეტილება ეფუძნება თბილისის საქალაქო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში დარჩა სააპელაციო წესით და რომლითაც „აირჩიე ევროპა“ პოლიტიკურ აქტორად კვალიფიცირდება.
კუპრაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „აირჩიე ევროპას“ ხუთი დღის ვადა მისცა ბიუროსთვის ფინანსური ანგარიშების წარსადგენად. „ასევე, გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათი საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის“, – განაცხადა კუპრაშვილმა და წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმებით დაიმუქრა.
ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია სასამართლოს სამოქალაქო მოძრაობებზე ზეწოლისთვის იყენებს, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროს მეშვეობით დამატებითი კონტროლის გზით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები არ არიან პოლიტიკური პარტიები და არ მონაწილეობენ არჩევნებში. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი ხელმძღვანელი ეკა გიგაური უკვე დიდი ხანია მმართველი პარტიის სამიზნეა ხელისუფლების პოლიტიკის მწვავე კრიტიკის გამო. „აირჩიე ევროპა“, სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც 11 ივლისს დაარსდა, აერთიანებს სსო-ებს, რომლებიც მოახლოებული არჩევნებისთვის პროდასავლური ამომრჩევლების მობილიზებაზე მუშაობენ, თუმცა ის არ უჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას.
ანტიკორუფციული ბიუროს დასაბუთება
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი ამბობს (მე-71 მუხლი), რომ პოლიტიკურ გაერთიანებებს უნდა ჰქონდეთ „გაცხადებული საარჩევნო მიზანი“, რაც „ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ“.
რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ზემოხსენებული ორგანიზაციები „აქტიურად არიან ჩართულნი წინასაარჩევნო კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდება“ და ამასთან, ისინი აგროვებენ სახსრებს, ხვდებიან მოსახლეობას სავარაუდოდ პოლიტიკური მიზნით და ქმნიან სოციალურ მედია ჯგუფებს „რომლებიც ემსახურებიან საზოგადოების კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ფორმირებას“. კუპრაშვილის თქმით, ეს ორგანიზაციები კონცერტებს მართავენ რეგიონებში და აწარმოებენ და ავრცელებენ პოლიტიკურ ვიდეოებს „რაც დაკავშირებული ფინანსურ ხარჯებთან, რომელიც შეადგენს 100 000 ლარზე მეტს“. „აღნიშნული რესურსები ხმარდება მოსახლეობაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ჩამოყალიბებას და წინასაარჩევნოდ მათი აზრის ფორმირებას“, – ხაზგასმით აღნიშნა კუპრაშვილმა და დასძინა, რომ ამიტომ, ამ ორგანიზაციებს და მათ ხელმძღვანელებს აქვთ „განცხადებული“ პოლიტიკური მიზნები.
ბიურომ გამოაქვეყნა კუპრაშვილის ორი ცალკეული სამართლებრივი გადაწყვეტილების ტექსტები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და „აირჩიე ევროპას“ საქმეებზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შემთხვევაში, დოკუმენტში გადაწყვეტილების საფუძვლად ჩამოთვლილია ფეისბუქის გვერდის „ჩემი ხმა ევროკავშირს“ შექმნა და მომავალი არჩევნების რეფერენდუმად წარმოჩენა, ასევე გიგაურის მოხსენება აშშ-ის სენატში, ვინაიდან, დოკუმენტის თანახმად, ეს განცხადებები ოპოზიციური პარტიების ლიდერთა განცხადებებს ეხმიანება.
რაც შეეხება „აირჩიე ევროპას“, მოყვანილია ამ მოძრაობის პრეზენტაციისას გაკეთებული განცხადებები. შესაბამისი სოციალური მედიის პლატფორმის, კამპანიებისა და საჯარო განცხადებების გაკეთებაც ასევე პოლიტიკურადაა მიჩნეული.
ყურადღებას ამახვილებს რა სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მე-71 მუხლით განსაზღვრული „განცხადებული საარჩევნო მიზანი“ განმარტებული უნდა იქნეს ლოგიკურ ჭრილში, სისტემატურად და არა სიტყვა-სიტყვითი გაგებით, ბიურო აცხადებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გაკეთებული განცხადებები კონკრეტული პოლიტიკური პარტიის (ქართული ოცნების) წინააღმდეგაა მიმართული და საზოგადოებრივ აზრს ოპოზიციის სასარგებლოდ აყალიბებს. ამრიგად, ეს ორგანიზაცია განიხილება, როგორც „განცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე“.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/02/2024 – TI საქართველო: ანტიკორუფციული ცვლილებების პროექტი არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს
- 19/12/2023 – ვენეციის კომისია: ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა არსებული სახით არასაკმარისია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)