ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ხელისუფლების „ტიტუშკების“ მხრიდან თავდასხმაზე საუბრობენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერმა, ანა წითლიძემ 20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 19 სექტემბერს, ზუგდიდში მასზე, მის თანაპარტიელებსა და პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმა განხორციელდა. ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ათეულობით ადამიანი თავს ესხმის და შეურაცხყოფას აყენებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, როდესაც ისინი კამპანიის საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებენ.
წითლიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანები დაესხნენ თავს და რომ ყველა მათგანი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მან თავდამსხმელების ფოტოები წარმოადგინა, რომლებიც, მისი თქმით, მმართველ პარტიასთან არიან კავშირში, მათ შორის:
- შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ნათესავი შოთა ბაჯალაძე, რომელსაც წითლიძე თავდამსხმელებისთვის ნარკოტიკების დარიგებაში ადანაშაულებს. ბაჯალაძე შსს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომელია;
- გოგა მოსია, ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე;
- დიმა გოგოხია, რომელიც წითლიძის თქმით, არის „ქართული ოცნების“ „ტიტუშკა. წითლიძის თქმით, გოგოხიას ბრალი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვაში წაუყენეს და პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს;
- თეონა ქარდავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ოფისში მუშაობს ზუგდიდში. წითლიძე აცხადებს, რომ ქარდავას, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიძე, დავით ფაცაცია აკონტროლებს;
- წითლიძემ ასევე დაასახელა რამაზ ბახბაია და დათა სართანია და მათ ხელისუფლების „ნასედკები“ უწოდა.
ვიდეო კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელები საკმაოდ აგრესიულები იყვნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ არა მხოლოდ პარტიის წარმომადგენლებს, არამედ ზუგდიდელებსაც, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შესახვედრად მივიდნენ. პოლიციას გარკვეული პერიოდი თითქოს უჭირდა სიტუაციის მოგვარება.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)